გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე უხელმძღვანელებს

 თავდაცვის სამინისტროს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ახალი დირექტორი ჰყავს. ლიცეუმის ყოფილმა დირექტორმა, პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დროშა ახალ დირექტორს, პოლკოვნიკ შალვა ძინძიბაძეს გადააბარა. დროშის გადაცემის საზეიმო ცერემონიალს ქუთაისში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ლიცეუმის კურსანტები და პედაგოგები დაესწრნენ.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეთაურობის საზეიმო გადაბარების ცერემონიალი პირველად გაიმართა და მინისტრის გადაწყვეტილებით, ის ტრადიციად დამკვიდრდება. ღონისძიების დაწყებისას სამინისტროს ხელმძღვანელობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რის შემდეგაც კადეტებს, ლიცეუმის წარმომადგენლებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

თავდაცვის მინისტრმა ლიცეუმის ყოფილ დირექტორს მადლობა გადაუხადა სასწავლებლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა ახლადდანიშნულ დირექტორს.

„დღეს ჩვენ იმ ტრადიციას ვაგრძელებთ, რომელსაც ახლო წარსულში ჩავუყარეთ საფუძველი, როდესაც ცალკეული ინსტიტუტებისა თუ ცალკეული დანაყოფების ხელმძღვანელები თავიანთ მისიას, ამოცანას ქვეყნის წინაშე ღირსეულად ასრულებენ და ახალ, პროფესიულ საქმიანობას იწყებენ. ეს ტრადიცია ჩვენ დროშის გადაცემის ცერემონიალით გამოვხატეთ, რომელიც, თავის მხრივ, ინსტიტუციური განგრძობადობისა და მემკვიდრეობის გაგრძელების ტრადიციას უსვამს ხაზს.
ამით ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თავდაცვის უწყებაში განვითარების ხაზი პირველ რიგში, სწორედ მიუკერძოებელი და ობიექტური ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე გადის. სამხედრო სამსახურის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია რეკრუტირების პრინციპის დამკვიდრება, როდესაც გარკვეული წლების შემდეგ, ხელმძღვანელი თანამდებობის პირები იცვლებიან, მაგრამ ინსტიტუტები მყარდება. ჩვენ ვამყარებთ ამ ტრადიციას და მომავალში კიდევ უფრო სიმბოლურ მნიშვნელობას შევძენთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე, მადლობა გადაუხადა სასწავლებლის პედაგოგებს, კადეტებს და აღნიშნა, რომ ლიცეუმში სწავლის მსურველთა რაოდენობა მუდმივად მზარდია, თუმცა ლიცეუმში სწავლის შესაძლებლობა მხოლოდ ღირსეულებს აქვთ, რადგან სწავლის პროცესი საკმაოდ მკაცრი, მაღალი სტანდარტებისაა და დისციპლინის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს.

სამხედრო კადეტთა ლიცეუმის ახალი დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე სასწავლებლის დირექტორობამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ეროვნულ გვარდიაში მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა – იყო მოტომსროლელი ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილე, სამობილიზაციო შტაბის დასავლეთ მიმართულების სამობილიზაციო შტაბის უფროსი, ბატალიონის მეთაურის ინსტრუქტორთა ჯგუფის უფროსი.

მსახურობდა გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის ბატალიონის საავტომობილო-სატრანსპორტო ასეულის მეთაურად, ასევე, ეკავა სხვადასხვა თანამდებობები განათლების დეპარტამენტში. გარდა ამისა, იყო სენაკის რაიონის სამხედრო კომისარი და აფხაზეთის ა.რ. იმერეთის სამხარეო განყოფილების უფროსი. მას დამთავრებული აქვს ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო საინჟინრო სასწავლებლის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და მედლები. გენერალური შტაბის უფროსის, ბრიგადის გენერლის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, სამხედრო კადეტთა ლიცეუმის ყოფილი დირექტორი, პოლკოვნიკი ალექსი კეკელია საქმიანობას გენერალურ შტაბში გააგრძელებს. პოლკოვნიკ ალექსი კეკელიას მინისტრმა დღეს „გენერალ კვინიტაძის“ მედალი გადასცა.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს ,,გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ მიენიჭა. ამ დროისთვის, ლიცეუმს უკვე ჰყავს ხუთი გამოშვება. წელს ლიცეუმში 274 კადეტი სწავლობს, მათ შორის, 8 გოგონა, რომლებიც ლიცეუმში 2016-2017 სასწავლო წელს ჩაირიცხნენ. ლიცეუმს 12 ოქროს და 13 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

ლიცეუმის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების დონეზეა მოწყობილი და გააჩნია ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები