საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
რამდენიმე წუთის წინ, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო. საპატრიარქოში დღეს დილიდან მღვდელმთავრები შეიკრიბნენ. სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესა და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.
წმინდა სინოდის სხდომა გეგმურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება – აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში და ეკლესიისთვის პრობლემურ საკითხებს განიხილავს. შარშან სინოდი 4-ჯერ შეიკრიბა. ბოლო სხდომა გასული წლის 22 დეკემბერს გაიმართა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სამართალდამცველებმა 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. გუშინ, მთავარმა პროკურატურამ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულებები გამოაქვეყნა, სადაც სასულიერო პირი ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს მომწამვლელი ნივთიერების შეძენას სთხოვს.