ნარმანია საკრებულოს ოპოზიციაზე: რა სიტყვებს ამბობენ, დაუკვირდნენ თავიანთ გამონათქვამებს, შესაძლებლობებს

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს ოპოზიციის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ხელისუფლებას “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების პრობლემების მოსაგვარებლად ექვსპუნქტიან გეგმას შესთავაზებს.
ნარმანიას თქმით, ”ბავშვთა სამყაროს” ხანძრისგან დაზარალებულებისთვის კრედიტების გადავადების პროცესი მიმდინარეობს და მისთვის გაუგებარია, რატომ დააყენა ოპოზიციამ ეს საკითხი,

”კრედიტების გადავადების პროცესი მიმდინარეობს, ასე რომ, რატომ დააყენა ოპოზიციამ ეს საკითხი, ჩემთვის გაუგებარია, ან რა სიტყვებს ამბობენ, დაუკვირდნენ თავიანთ გამონათქვამებს, თავიანთ შესაძლებლობებს, კარგად გაიხსენონ თავიანთი წარსული. ამის მერე მათ მორალური უფლება არ აქვთ, ისაუბრონ ამდაგვარ საკითხებზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მერიამ თავისი წილი გასაკეთებელი საქმე გააკეთა, როდესაც თავის თავზე აიღო მთელი რიგი საკითხების კოორდინაცია, სხვადასხვა უწყებებთან ერთად.

„მათ შორის, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული კრედიტების გადავადებასთან დაკავშირებულ ნაწილში. აქ ძალიან დიდი საქმე გააკეთეს ეროვნულმა ბანკმა, ბანკების ასოციაციამ და კომერციულმა ბანკებმა. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ დარჩენილ ნივთებთან დაკავშირებულ საკითხებზე, დემონტაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. ვიმუშავეთ ბაზრებისა და ბაზრობების ასოციაციასთან, რათა დაზარალებულები განთავსებულიყვნენ შეღავათიანი პირობებით და გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა ბაზრებსა და ბაზრობებზე. ბევრი სხვა საკითხი, რაც ჩვენს კომპეტენციაში ჯდებოდა, გავაკეთეთ. მომავალში თუ რაიმეა საჭირო, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მზად ვართ გავაკეთოთ, მაგრამ ის, რომ მერიამ თავის თავზე აიღოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები, ამისთვის მოიძიოს რესურსი, ეს არარეალურია. ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობის საკითხი”, – განაცხადა ნარმანიამ.

დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნაზეც, რომელიც 2 მილიონი ლარის დაზარალებულებისთვის გამოყოფას ეხება.
მისი თქმით, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდი განკუთვნილია ცალკეულ ოპერაციებზე, გაჭირვებული ადამიანების დახმარებაზე ან სხვა მსგავს ღონისძიებებზე, ლიმიტირებულია, შესაბამისად, სარეზერვო ფონდიდან ეს თანხა ვერ გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები