აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისთვის სწავლებები მიმდინარეობს

საქართველოში გამოვლენილი ახალი მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ სწავლების კურსი გაიმართა.
ქვეყნის წამყვანმა ენტომოლოგებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლებს ახალი მავნებლის სპეციფიკის და ბრძოლის ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობის მექნიზმებზე.
„გასულ წელს დასავლეთ საქართველოში ახალი მავნებლის გამოვლენისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით, შეიმუშავა კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას – მოსახლეობის და ფერმერების ცნობიერების ამაღლებას, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და მონიტორინგს ითვალისწინებს. პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ჩართულობა“, -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ,ზურაბ ლიპარტიამ.
სწვალებები სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობს. მნიშვნელოვანია მართვის ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავება და მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რაშიც სურსათის ეროვნულ სააგენტოს მომავალშიც დავეხმარებით“, – განაცხადა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის დირექტორმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა.
„ჰოლიდეი ინში“ გამართულ სწავლებებს თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანალოგიური ტრენინგების ჩატარება საქართველოს ყველა რეგიონში არის დაგეგმილი.
აზიური ფაროსანა ინვაზიური მავნებელია, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი თხილს, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს და ბოსტნეულ კულტურებს აზიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები