გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ვართ მსხვერპლი რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა

„ჩვენ, ფაქტობრივად, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ვართ მსხვერპლი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის. ეს არ დაწყებულა 2008-ში“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლეში, უშიშროების საბჭოს აპარატის სტრატეგიული დისკუსიის მეორე საერთაშორისო შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, ეს აგრესია არ დაწყებულა 2008 წელს, არამედ დაიწყო მაშინ, როდესაც ახალმა ქართულმა სახელმწიფომ, 90-იან წლებში, დააფუძნა თავისი დამოუკიდებელი იდენტობა.
”თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ გამოწვევების თაობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოკავშირეებს აქვთ, არის წინაღობა სირთულეების დაძლევის. ნათელია, რომ იმ ერთობაში, რომლის კულტურულ ნაწილადაც ჩვენ აღვიქვამთ ჩვენს თავს და რომლის წევრობისკენაც ჩვენ ვდგამთ ნათელ ნაბიჯებს, არის გარკვეული ფაზა კონსერვატიზმის ან გარკვეული ფაზა სირთულეების მიმართ პოზიციის ჩამოყალიბების და ფიქრის. მე მჯერა, რომ საქართველო, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მოთამაშე და მონაწილე ხდება. ყველას მინდა ნათლად ვუთხრა, რომ ჩვენმა ქვეყანამ იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც ევროკავშირი და ნატო წარმოადგენს, იმ ღირებულებებისთვის, რომლის ირგვლივაც გაერთიანებულია დასავლური სამყარო, მართლაც ძალიან ბევრი გაიღო. ჩვენ, ფაქტობრივად, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ვართ მსხვერპლი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის. ეს არ დაწყებულა 2008-ში, ეს დაიწყო თავიდანვე, მაშინ, როდესაც ახალმა ქართულმა სახელმწიფომ, 90-იან წლებში, დააფუძნა თავისი დამოუკიდებელი იდენტობა. იმ დღიდან დაწყებული, ქართული სახელმწიფო ვითარდება, იზრდება და ძლიერდება სწორედ რუსული სხვადასხვა ტიპის აგრესიის ფონზე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, ამ თვალსაზრისით, ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფო არის ნათელი მაგალითი იმის, რომ რუსეთის აგრესიას შეიძლება გაუძლო და ამ აგრესიის ფონზე, შეიძლება, გადადგა ნაბიჯები შენი დამოუკიდებლობის და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მიმართულებით.
”ახლა, როდესაც საქართველო კიდევ უფრო მტკიცე ნაბიჯებს დგამს, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენი ხმა, როგორც ქვეყნისა, რომელმაც თავის თავზე აიღო ძალიან მძიმე დარტყმები და მაინც არ შეცვალა თავისი კურსი, იქნება გაგონილი. მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა იქნება მოგებული, ამ ბრძოლის საბოლოო წერტილი იქნება სწორედ დასავლური კულტურის, დასავლური ცივილიზაციის და ცხოვრების კიდევ უფრო განმტკიცება. დღეს ნათლად ჩანს, რომ არის ძალიან რთული დაპირისპირება, რომლის პროცესშიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოკავშირეების კიდევ უფრო დარწმუნება. ნათლად ჩანს, რომ ამ 25 წლის მანძილზე, საქართველოს ორიენტაცია არ შეუცვლია და არც მომავალში შეიცვლის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები