სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მეორე ეტაპის შეხვედრები დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე ეტაპის შეხვედრა გაიმართა. სხდომის დასაწყისში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამუშაო რეჟიმის რეგლამენტი განმარტა და იმ პროცედურებზე ისაუბრა, რომელიც მეორე ეტაპის სამუშაოებს შეეხება.
„ორი კვირის წინ, ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციების პირველი რაუნდი და დღეს იწყება სამუშაო შეხვედრების მეორე ეტაპი, სადაც განვიხილავთ უკვე იმ რედაქციებს, რომლებიც წარმოდგენილია თქვენ წინაშე. ეს რედაქციები მომზადდა იმ შეთავაზებების შესაბამისად, რომლებიც წარმოდგენილ იქნა სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებების რაოდენობა იყო ძალინ ბევრი და ბუნებრივია, ყველა შემოთავაზება ვერ აისახებოდა ახალ რედაქციაში თუნდაც ალტერნატივების სახით, სარედაქციო ჯგუფს დაჭირდა ყველა მოსაზრების გარკვეულ დონეზე გადამუშავება, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია, მიუბრუნდეთ ყველა ინიციატივას და ამის საფუძველზე გავიაზროთ თითოეული მუხლი”, – განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს მმართველ გუნდთან გამართულ კონსულტაციებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კომისიის წევრთა თხოვნის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიციების გაცნობა შესაძლებელი გახდება, თუმცა ამ მოსაზრებებს სავალდებულო ძალა არ აქვს და მასზე მსჯელობა კვლავ გაგრძელდება.
„კომისიის წევრთა თხოვნის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფისთვის მმართველი გუნდის პოზიციების გაცნობისთვის, შეხვედრა გაიმართა. შესაბამისად, ჩვენ დღესაც შეგვიძლია კონკრეტულ მუხლებთან და თავებთან წარმოგიდგინოთ ჩვენი მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებებს სავალდებულო ძალა არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ თუნდაც ერთპიროვნულად მიიღოს კანონი საქართველოს პარლამენტში, ამის მიუხედავად, ყველა საკითხი დისკუსიისთვის და მსჯელობისთვის ღია და გახსნილია”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის პრეამბულის და ზოგადი დებულებების მუხლების რედაქციული ვარიანტების და ალტერნატივების განხილვით გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები