1918 – 21 წლების მოვლენებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა მიეძღვნა (ფოტო/ვიდეო)

1918 – 21 წლებში, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფოტო და დოკუმენტური მასალა, წითელარმიელების საქართველოში შემოსვლის ამსახველი უნიკალური ფოტოები და იმ იუნკერების სია, რომლებიც ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ასევე საფრანგეთიდან, ერთი წლის წინათ ჩამოტანილი, პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების პირადი ნივთები.
ექსპონატებს შორის, ასევე წარმოდგენილი იყო ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი, მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის წერილი, თუ როგორ მიმართა მან დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან არსებულ თავდაცვის კომიტეტს და მხარდაჭერა აღუთქვა უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებელებისა და სტუდნეტების სახელით. მარო მაყაშვილის უნივერსიტეტში ჩარიცხვის აქტი.
გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და მისი მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.
25 თებერვლის თარიღთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები სტუმრებმაც გამოთქვეს. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე.
1921 წლის თებერვლის მოვლენებზე მცირე ისტორიული მიმოხილვა გააკეთეს ისტორიკოსებმა დიმიტრი სილაგაძემ და ანტონ ვაჭარაძემ.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა, თითქმის საუკუნის წინანდელ ქართულ პრესას, თუ როგორ აღწერდნენ იმ დროს ჟურნალისტები თებერვლის მოვლენებს და ზოგადად რა განწყობა იყო მოსახლეობაში. ასევე, წარმოდგენილი იყო მაშინდელი თბილისის დაცვის გენერალური შტაბის ბრძანებები და მოწოდებები მოსახლეობისა და ჯარისკაცების მიმართ.
როგორც „სითი კვირას“ მირიან ხოსიტაშვილმა განუცხადა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მუდმივად გამოეხმაურება ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებებს და შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დღეები აღნიშნონ და იმ პერიოდის მოვლენები ფართო საზოგადოებას შეახსენონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები