ტრაგედია „თეთნულდზე“ – გერმანელი ტურისტი აკრძალულ ზონაში სრიალებდა

 მესტიაში, თეთნულდზე გარდაცვლილი გერმანელი ტურისტის ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. როგორც „კვირას“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, გერმანელი ტურისტების ხუთკაციანი ჯგუფი კურორტ „თეთნულდზე“ სამი დღის წინ ჩავიდა და იქ დარჩენას 3 მარტამდე გეგმავდა. დღეს ნაშუადღევს კი თეთნულდზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, გერმანიის მოქალაქე 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. „გერმანელი ხუთი ტურისტი თოვლზე სრიალებდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა. 3 მათგანი ადგილზე დარჩა, ხოლო ორმა მათგანმა დაშვება აკრძალულ ზონაში გააგრძელა. მათ შორის, ერთ-ერთმა სამაშველო ბალიში გახსნა და გადარჩა, ხოლო მეორემ ტექნიკური ხარვეზის გამო, სამაშველო ბალიში ვერ გახსნა, რის შედეგადაც გარდაიცვალა“, – აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112-ში” შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ კურორტ „თეთნულდზე“ უცხოეთის 2 მოქალაქე ზვავში იყო მოყოლილი. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში მყისიერად ჩაერთნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფის მაშველები. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველებმა შეძლეს ზვავში მოყოლილი მოქალაქეების პოვნა. ერთი მათგანი უვნებლად გამოიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნაპოვნია ასევე, მეორე მოქალაქის ცხედარი. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები