„საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადასარქმევად, არის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა”
“2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ცდილობს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციას, კონსტრუქციული და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის გზით”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, დე ფაქტო ხელისუფლებებთან ინტეგრაციის შესახებ უკანონო შეთანხმებების ხელმოწერის გზით. მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვას სახელი და ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია”, ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას წარმოადგენს.
„2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციას, კონსტრუქციული და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის გზით. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ დიალოგის ფორმატი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხალხთა შორის კონტაქტები, რამაც გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანა. ჩვენ კონსტრუქციულად ვმუშაობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში და ღია ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. გასული წელი აღინიშნა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენით. რაც შეეხება ურთიერთობას ჩვენს თანამემამულეებთან, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზები და ოსები არიან ჩვენი ისტორიისა და მომავალის განუყოფელი ნაწილნი, მიუხედავად ამჟამად არსებული ხელოვნური ბარიერებისა. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ სახლებში დაბრუნებას ალტერნატივა არ აქვს, ასევე, ყველა ეთნოსის წარმომადგენლის სრულ რეინტეგრაციას ერთიან, მრავალფეროვან საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ისევე როგორც განსხვავებული ჯგუფების კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნება, დაცულია. ეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.
ჩვენ მტკიცედ მივყვებით ჩართულობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. ჩვენ მათ ვთავაზობთ ყველა იმ სიკეთესა და სარგებელს, რაც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი. მზად ვართ, გავუზიაროთ განვითარების გზაზე ჩვენი ყველა მიღწევა, აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, დე ფაქტო ხელისუფლებებთან ინტეგრაციის შესახებ უკანონო შეთანხმებების ხელმოწერის გზით. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვას სახელი და ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია”, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტის მსგავსად, ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა. პარალელურად, აფხაზეთში არსებულმა საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტები, რაც კიდევ უფრო მეტად შეაფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს და წინ აღუდგეს ამ ქმედებებს. ამასთან, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს თავისი უკანონო პოლიტიკა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს მისცეს ოკუპირებულ რეგიონებში წვდომის საშუალება, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, როგორც ეს აღნიშნული მისიის მანდატითაა გათვალისწინებული, ასევე, ხელი შეუწყოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და საშუალება მისცეს ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტი რუსეთთან, შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა იქნება.
და ბოლოს, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ცალსახად დაადასტუროს ერთგულება გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში, ბატონო პრეზიდენტო, ვადასტურებ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას თქვენი და სხვა ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ყველამ ძალისხმევა არ დავიშუროთ იმ კონფლიქტების ეფექტიანი გადაჭრისთვის, რომლებიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას“, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.