საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების (IP) ექსპერტთა პროფესიული დღე KIU-ს სტუდენტებთან ერთად აღნიშნა

11 ნოემბერს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ინიციატივით, ინტელექტუალური საკუთრების (IP) ექსპერტთა პროფესიული დღე აღინიშნა.

საქპატენტი შეუერთდა WIPO-ს მოწოდებას და ჩაერთო WIPO-ს განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების კომიტეტის (CDIP) ფარგლებში საუდის არაბეთის მიერ ინიციირებულ პროექტში „ინტელექტუალური საკუთრების (IP) ექსპერტების გაძლიერება და აღნიშვნა“.

ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტთა პროფესიული დღის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სფეროს სპეციალისტების საქმიანობის წარმოჩენა, მათი როლის განსაზღვრა და ყოველდღიური შრომის დაფასება. ადგილობრივ დონეზე ეს დღე პირველად აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში საქპატენტის თანამშრომლები ეწვივნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU), სადაც WIPO-ს, საქპატენტისა და KIU-ს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ მაგისტრანტებთან და, ასევე, სხვა სტუდენტებთან საინფორმაციო და შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ლევან კოპალიანმა გახსნა, KIU-ს სტუდენტები გაეცნენ საქპატენტის ექსპერტების საქმიანობას, მათი მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმებსა და სამართლებრივ პროცედურებს.

ინტელექტუალური საკუთრების (IP) ექსპერტები მუშაობენ ინტელექტუალური საკუთრების უწყებებში, სადაც ისინი განიხილავენ პატენტის, დიზაინის, სასაქონლო ნიშნისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განაცხადებს. მათი ამოცანაა განსაზღვრონ, აკმაყოფილებს, თუ არა თითოეული განაცხადი სამართლებრივ მოთხოვნებს შესაბამისი დაცვის მისაღებად. დღევანდელ შეხვედრაზე საქპატენტის თანამშრომლებმა განიხილეს ამოცანები, რომლებიც მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მდგრადი განვითარებისთვის. ყურადღება გამახვილდა, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტის პროფესიულ მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში, გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერი მაჭარაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია საპატენტო სისტემის შესახებ, ასევე, გამოგონების, სასარგებლო მოდელებისა და ახალი ჯიშების დაცვის პროცესში საპატენტო ექსპერტების როლის მნიშვნელობაზე. იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ანუკი ობოლაძემ მიმოიხილა სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დაცვის მექანიზმები, ასევე, საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების დეპონირების პროცედურა და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებებით საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ჰარმონიზებულია საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. ასევე, მან ისაუბრა ექსპერტების განსაკუთრებულ როლზე საქპატენტის საქმიანობაში.

შეხვედრის დასასრულს საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის უფროსმა ლალი ამირანაშვილმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე, ასევე, WIPO-ს სპეციალიზებულ კურსებზე, მათ შორის, საქპატენტისა და WIPO-ს აკადემიის დისტანციური სწავლების „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის“ (DL101GE) შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე, სრულიად უფასოა და მოიცავს როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტთა პროფესიული დღის აღნიშვნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც გამოხატავს WIPO-ს გლობალური კამპანიის მხარდაჭერას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სფეროს პოპულარიზაციასა და პროფესიული სტანდარტების განმტკიცებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები