ნინო წილოსანი: ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი უტიფრობა, აგენტურა საკუთარ დანაშაულს პირდაპირ გვიცხადებდა ამდენი წლის განმავლობაში

„მათ ოპონენტებს ვერ ვუწოდებ და ვერც ოპოზიციას – ეს არის აგენტურა, ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც ქვეყნის საბოტაჟში, ქვეყნის წინააღმდეგ და ანტიკონსტიტუციურ პროცესებში არიან ეჭვმიტანილნი და უკვე ბრალწაყენებულნი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„მიხარია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, რა მავნებლობასაც უყურებდა ქართველი ხალხი მათი მხრიდან, მივიდა ლოგიკურ შედეგამდე – შედეგი ის არის, რომ პროცესმა გადაინაცვლა პროკურატურაში, პროკურატურამ ამ ადამიანებს ბრალი წაუყენა და პროცესი წავა სასამართლოში. იმედი მაქვს, სასამართლო სამართლიანად, ობიექტურად და, რაც მთავარია, როგორც კანონის, ისე ქართველი ხალხის მოთხოვნის შესაბამისად გასცემს პასუხს ამ დანაშაულებს.

რაც შეეხება დანაშაულებს – 2003 წელსაც ვარდებით და იარაღის გარეშე შეიჭრნენ პარლამენტში, მაგრამ რევოლუცია და კონსტიტუციური წყობილების დამხობა მოახდინეს და იმის შემდეგ რას ახორციელებდნენ, ძალიან კარგად ვიცით.

მათი მხრიდან ის ფაქტი, რომ ამ პროცესს ყველანაირად ალამაზებდნენ და მშვიდობიან დამხობას უწოდებდნენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი უტიფრობა – მათ დანაშაულს პირდაპირ გვიცხადებდნენ ამდენი წლის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გვიანონსებდნენ, არჩევნების წინ, სადღაც სამი თვის მანძილზე, ინტენსიურად გვაშინებდნენ დამხობით. თურმე იმიტომ, რომ ამას საჯაროდ აცხადებდნენ, ეს დანაშაული არ არის – ეს ხომ იმდენად აბსურდი და სასაცილოა, რომ არც მათი ამომრჩეველი დაიჯერებს“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები