რა ცვლილებები შედის საგზაო მოძრაობის წესებში – არჩილ თალაკვაძე განმარტებას აკეთებს

“საპარლამენტო უმრავლესობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და მიღება დიდი ალბათობით, საგაზაფხულო სესიაზევე მოხდება”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
თალაკვაძის ინფორმაციით, პარლამენტი ასევე მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანასაც განიხილავს, რაც თალაკვაძის შეფასებით, მძღოლების საწყის კვალიფიკაციას გაზრდის.
„ასევე, ქულების სისტემის შემოტანა, რომლის საშუალებითაც წლის განმავლობაში ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, დაკარგავს ქულებსაც და 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება. ამ სისტემით, ის მძღოლებიც, რომელთაც ჯარიმის გადახდა ადვილად შეუძლიათ, იგრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას.
სავარაუდოდ, გამკაცრდება ადმინისტრირება ისეთ დარღვევებზეც, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია (სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვევა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა). მკაცრდება კანონმდებლობა ქვეითების დასაცავად და ავტოტრანსპორტით ბავშვების გადაყვანის უსაფრთხოების მიმართულებითაც.
რეფორმა ითვალისწინებს ასევე, უკონტაქტო პატრულირების დანერგვას, რაც ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მოდელია და სამოქალაქო მანქანებით, რომელთაც სპეციალური ნიშანი ექნება, პატრულირებას და ვიდეოდაჯარიმებას გულისხმობს. ეს სისტემა საგზაო უსაფრთხოებას და ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს მაშინაც კი, როცა დამრღვევ მძღოლს ჰგონია, რომ საპატრულო ეკიპაჟი ახლო-მახლო არ არის. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხი უკვე დარეგულირდა საგადასახადო კანონმდებლობით, რომელიც დეკემბერში მივიღეთ. შესაბამისად, დამატებითი რეგულაციები მათ ასაკრძალად აღარ არის საჭირო. ამ ცვლილებების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო ქალაქების და გზების დაფარვა ახალი, “ჭკვიანი” ვიდეოკამერებით. ეს ვიდეოკამერები რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე და იქნება ჩართული ოპერატიული მართვის ერთიან ცენტრში, რომელიც უკვე შექმნილია. ამ სისტემას ექნება საგრძნობი პრევენციული ეფექტი. პარლამენტის წევრები ვუერთდებით შსს-ს საინფორმაციო კამპანიას – “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” – რომელიც მძღოლების, მგზავრების და ქვეითების ინფორმირებას და საგზაო წესების შესახებ ცნობადობის ამაღლებას გულისხმობს.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც პარლამენტი და მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით განახორციელებენ და პირველივე თვეებში მივიღებთ შედეგს – გადავარჩენთ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, დავიცავთ ბევრის ჯანმრთელობას და საქართველოში მოძრაობა გახდება უფრო უსაფრთხო“,-წერს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები