უჩა ნანუაშვილი: დეკანოზი გიორგი მამალაძე მხნედ არის და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჩაფიძის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა. ომბუდსმენის განცხადებით, დეკანოზი მხნედ არის და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, დაცვის მხარეს მიეცეს საქმის დეტალებზე საუბრის შესაძლებლობა.
“არის მთელი რიგი წინააღმდეგობები ოფიციალურად გაჟღერებულ ვერსიასა და დეკანოზის მონათხრობს შორის. ჩვენ დღეს ამაზე ნაკლებად ვისაუბრეთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ სახალხო დამცველი დეტალურად სწავლობს ამ საქმის გარემოებებს და იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ბევრი რამ გაირკვევა. აუცილებელია, დაცვის მხარეს დაუყოვნებლივ მიეცეს შესაძლებლობა, ისაუბროს საქმის დეტალებზე. ერთი მხარე სარგებლობს უპირატესობით, თანასწორობის პრინციპის დარღვევის ხარჯზე. ეს არის ყველაზე მეტად დაუშვებელი ამ საქმეში. პირველ რიგში, ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
რაც შეეხება საქმეში არსებულ ჩანაწერებს, სახალხო დამცველის თქმით, დეკანოზი თვლის, რომ ეს ჩანაწერები საგამოძიებო უწყებამ უნდა შეისწავლოს.
“დეკანოზს აქვს განსხვავებული მოსაზრება და ამბობს, რომ შესაძლებელია იყოს ჩანაწერები, თუმცა ეს ჩანაწერები მნიშვნელოვანია შეისწავლოს საგამოძიებო ორგანოებმა და რაც მთავარია, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს გარკვეული არგუმენტებისა და მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა. დღეს, როცა ასეთი უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობს, მსგავსი დოკუმენტების გამოქვეყნება იქნებოდა დაუშვებელი, რადგანაც დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს უფლება, უპასუხოს თუნდაც იმ არგუმენტებს, თუ რამდენად არის მტკიცებულებები რეალური”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები