ირმა ჭკადუა ე.წ. ციანიდის საქმეზე: ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე მოგზავნილი მეგონა

 ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მას ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ სამი მტკიცებულება წარუდგინა. ადვოკატი, რომელიც პროკურატურამ მოწმის სახით უკვე დაკითხა, ამბობს, რომ თავდაპირველად, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე მოგზავნილი ეგონა. როგორც ირმა ჭკადუა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში აცხადებს, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე მას შეხვედრას დაჟინებით სთხოვდა. მისივე თქმით, ირაკლი მამალაძემ მას წარუდგინა იმ მტკიცებულებების ნაწილი, რომელსაც ფლობდა.
“რომ შევხვდი და მითხრა თემა, თავიდან არ მოვუსმინე, მოგზავნილი მეგონა. შემდეგ რამდენჯერმე მთხოვა შეხვედრა. მითხრა, რომ ჰქონდა მტკიცებულებები და რჩევა უნდოდა. ჩემთან ერთად იყო ადვოკატი ლილი გელაშვილი. მას შემდეგ, რაც გვაჩვენა მტკიცებულებები და მივიჩნიეთ, რომ აქ საუბარია აშკარა დანაშაულზე, მივეცით კონსულტაცია, რომ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის”, – განუცხადა “იმედს” ირმა ჭკადუამ.
მისივე თქმით, ის და ლილი გელაშვილი მოწმის სახით დაკითხეს, რადგან ირაკლი მამალაძემ განუცხადა გამოძიებას, რომ ჩვენ ინფორმაციას ვფლობდით. ადვოკატის განცხადებით, მტკიცებულებები, რომლებიც მან ნახა, იმაზე მეტად სარწმუნოა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. რაც შეეხება მასალების გასაჯაროებას, ირმა ჭკადუას განცხადებით, პირველ რიგში, ამ მასალების გამოქვეყნება და საზოგადოების ინფორმირება პროკურატურისთვის უნდა იყოს ხელსაყრელი, რადგან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. ადვოკატის ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით, რამდენიმე ათეული მოწმეა დაკითხული.
ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს. მამალაძე ამბობს, რომ მასალებში საუბარია პატრიარქის ან მისი გარემოცვის წევრის მკვლელობაზე. ხოლო, კონკრეტულად ვის ეხებოდა ეს გეგმა, მამალაძის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მისივე ცნობით, მას ციანიდის შოვნა მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი გერმანიაში მიემგზავრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები