უჩა ნანუაშვილი: რასაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ყვება, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია პროკურატურის ოფიციალურ ვერსიასთან

სახალხო დამცველმა ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძე გ.ჩაფიძის სახელობის კლინიკაში ინახულა. უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, დეკანოზის მონაყოლი აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან, რაც პროკურატურის მხრიდან ვრცელდება.
“პრობლემები არის დასაწყისიდანვე, როდესაც „ცალ კარში თამაში მიმდინარეობს“. დაცვას არ აქვს უფლება, გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და დაიცვას ბრალდებული მაშინ, როდესაც ყველა ჩართულ მხარეს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების საშუალება აქვს. ეს არის თავიდანვე პრობლემა, სხვას რომ თავი დავანებოთ – იმ ალოგიკურობას მთელ რიგ საკითხებში, რომელიც უკვე გამომჟღავნდა რამდენიმე დღის განმავლობაში”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, დეკანოზმა თვითონ გამოთქვა მასთან შეხვედრის სურვილი, ვინაიდან სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმეს სწავლობს. უჩა ნანუაშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დეკანოზს რომ სტრესი განუვითარდეს და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას, გასაკვირი არ არის.
დეკანოზი ჩაფიძის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ზაზა ლაზარაშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება აუცილებელი კვლევები. მისივე განმარტებით, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა, გამოირიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები