უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უშიშროების სამსახურის დაკნინებას ცდილობს

ადამიანის უფლებათა იურიდიული და უშიშროების კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ოპონენტები უშიშროების სამსახურის დემონიზებაში დაადანაშაულა.
“აქ არის პოლიტიკური მომენტი, რომელიც, ბუნებრივია, ჩვენი ოპონენტების მხრიდან მუდმივად არის ხაზგასმული. აქ არის მცდელობა, რომ მუდმივად მოხდეს დემონიზება უშიშროების სამსახურის, რომელიც გარდა იმისა, რომ შეიძლება ოპერატიულ საქმიანობას ახორციელებს, მისი მთავარი ფუნქცია არის, უსაფრთხოება უზრუნველყოს. გასაგებია, რომ ჩვენ წარსული გვაიძულებს ცოტა სკეპტიკურები ვიყოთ, რომ შესაბამისად, ვუყურებდეთ ეჭვის თვალით ყველა ამ მოვლენას, მაგრამ ის, რომ ეჭვები, რომელიც მოდის ჩვენი ოპონენტებისგან, რომელთაც პრინციპში, იმ სიმახინჯის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ და შესაბამისად, თავისი გადმოსახედიდან ხედავენ, არ შეიძლება, ამის გამო ჩვენ დავაკნინოთ და ზოგადად ვისაუბროთ უშიშროების სისტემაზე, როგორც მანკიერებაზე, რომელიც მოსდევს სახელმწიფოს. ეს არის აუცილებელი სისტემა, ის უნდა იყოს ძლიერი, ბუნებრივია, ყოველთვის უნდა ჰქონდეს ზღვარი გავლებული ადამიანის უფლებასა და უშიშროებას შორის, თუმცა ამ შემთხვევაში, უშიშროების მოშლა შესაბამისად, იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევებს და ამის უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. რეალურად, საუბარი უნდა შევწყვიტოთ იმაზე, რომ უშიშროება, თავისთავად, შეიძლება იყოს საფრთხე. უშიშროება არის აუცილებელი ინსტიტუტი და ამას უნდა გავუსვათ ხაზი. დღეს მკვიდრდება, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც გაიყო ორი სტრუქტურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროება და ამას სჭირდება გამყარება. გამყარება იმის, რომ ადამიანის ცნობიერებაში დაბრუნდეს, კი არ შეიქმნას, უშიშროების სამსახურის მიმართ განცდა, რომ ეს არის ადამიანის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული. ეს უნდა დავამკვიდროთ. ბუნებრივია, ბრწყინვალება არაფერშია, არაფერშია სრულყოფილება, მაგრამ პროცესი მიდის. ამ პროცესზეც ვისაუბროთ, მაგრამ ვისაუბროთ ისეთ კონტექსტში, რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები