ეკა ბესელია: ვეტო, თავისი შინაარსით, არის ბევრი კითხვისა და კრიტიკის მატარებელი

“ვეტო, თავისი შინაარსით, არის ბევრი კითხვისა და კრიტიკის მატარებელი. ასევე, ბევრი წინააღმდეგობაა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ მოტივირებულ შენიშვნებს იურიდიულ კომიტეტში ისმენენ.

„ის ლოგიკა, რომ იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდეს უფლება, მოსამართლეთა კოლეგიების ან თავმჯდომარეების არჩევისა, საერთოდ ეწინააღმდეგება პრინციპს – თუ იუსტიციის საბჭოს მოსამართლედ განწესების უფლება აქვს ყველა ინსტანციაში, გარდა უზენაესი სასამართლოსი, ის იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეების განწესების, მათ შორის, უვადო განწესებისა, მითხარით, ლოგიკა სად არის, როდესაც ვამბობთ, რომ იმავე საბჭოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის არჩევის უფლება არ უნდა ჰქონდეს? ამასთან, საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები ფარული კენჭისყრით, თავად ირჩევენ, ვინ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოში. ასეთი ჩარევა რომ ჩვენ ავუკრძალოთ მოსამართლეს, რომ ეს კატეგორია შეიძლება იყოს არჩეული, ხოლო მეორე კატეგორია არ შეიძლება იყოს არჩეული, მიმაჩნია პრინციპულად მოსამართლეთა თავისუფალი ნების გამოხატულებაში ჩარევად. ასე რომ, ბევრი კითხვა გვაქვს. ვეტოს დაძლევის თვალსაზრისით, ჩვენ წინასწარ გამოხატული პრინციპული პოზიცია კი არ გვაქვს, უბრალოდ, ეს ვეტო, თავისი შინაარსით, არის ბევრი კითხვისა და კრიტიკის მატარებელი. ასევე, ბევრი წინააღმდეგობაა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები