ადვოკატები მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გაუქმებას მოითხოვენ რატომ უნდა გაუქმდეს მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა?

“ჩვენ გვინდა, გაუქმდეს მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა, რადგან ის არის რისკის შემცველი ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის“, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი წევრი – დავით ასათიანი აცხადებს.
“სასამართლო ხელისუფლების თავში არის გარკვეული დებულებები, რომლებიც, ვფიქრობ, საჭიროებს გაუმჯობესებას, ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერების მიმართულებით. ერთ-ერთი შეეხება მოსამართლის გამოსაცდელი ვადით განწესების საკითხს. მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის თაობაზე – როდესაც, მოსამართლე უვადოდ დანიშვნამდე, ინიშნება გამოსაცდელი ვადით – არ პასუხობს მოსამართლის დამოუკიდებლობის თანამედროვე სტანდარტებს და არის საფრთხის შემცველი სასამართლო დამოუკიდებლობის, ხარისხიანი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის“, – განმარტავს დავით ასათიანი.
მისივე აზრით, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის არსებობის გამო, სასამართლო სისტემაში არაორდინალური და საფრთხის შემცველი სიტუაცია არის შექმნილი, რაც დაუყოვნებლივ გამოსწორებას საჭიროებს.
“პარადოქსია, მაგრამ დღეს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებობს 4 სხვადასხვა წესით დანიშნული მოსამართლეთა კატეგორია: 1) მოსამართლე, რომელიც დანიშნულია 10 წლის ვადით; 2) მოსამართლე, რომელიც დანიშნულია 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით და ექვემდებარება მონიტორინგს; 3) მოსამართლე, რომელმაც წარმატებით გაიარა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა და გადაინიშნა უვადოდ; 4) უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები, რომელებიც უვადოდ ინიშნებიან 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გარეშე. ეს არანორმალური მდგომარეობაა, რომელიც პირდაპირ არღვევს თანასწორობის პრინციპს და ეჭვქვეშ აყენებს მხარის უფლებას, საქმე განიხილოს სასამართლოს კანონიერმა შემადგენლობამ. ამ პირობებში, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის და მასზე ზეგავლენის ვერმოხდენის სტანდარტი გაცილებით მაღალია, 10-წლიან ან/და გამოსაცდელ ვადაში მყოფ მოსამართლეებთან შედარებით. შესაბამისად, მხარეებს არ ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობა მათი საქმე განიხილოს ერთნაირად მაღალი გარანტიებით აღჭურვილმა სასამართლო შემადგენლობამ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ხარისხიანი მართლმსაჯულების ადმინისტრირების პრინციპებს“, – აღნიშნა დავით ასათიანმა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლის უვადოდ გადანიშვნის საკითხი, დამოკიდებულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნა-არდანიშვნის გადაწყვეტილებებს იღებს ფარული კენჭისყრით და ყველანაირი სავალდებულო დასაბუთების გარეშე, შეიცავს იმის რისკს, რომ ამ მექანიზმმა გარკვეული გავლენა მოახდინოს მოსამართლის საქმიანობაზე.
“სამართლიანი მართლმსაჯულების დროს, ნებისმიერი ფორმის ზეგავლენა საერთოდ უნდა გამოირიცხოს და მოსამართლეს უნდა გააჩნდეს გარანტიები, რომ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და უპრობლემოდ გააგრძელოს მუშაობა თავისი სამოსამართლეო ვადის ამოწურვამდე ან/და საპენსიო ასაკის მიღწევამდე. ვფიქრობთ, რომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა შეიძლება გახდეს მოსამართლეზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს შიში, რომ მას აკონტროლებენ და თუ რაღაც არ მოეწონებათ, ამის გამო უვადოდ, ანუ საპენსიო ასაკამდე აღარ გადანიშნავენ“, – აცხადებს დავით ასათიანი და დასძენს, რომ გარდა ამ კონკრეტული საკითხისა, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში, ყურადღებას მიაქცევს ისეთ თემებს, როგორიცაა ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დანაწილებისა და ურთიერთბალანსის დაცვის საკითხები, რადგან, მისი აზრით, ხელისუფლების დანაწილება და სწორი ბალანსი დემოკრატიის განვითარების წინაპირობაა და ამის გარეშე სამართლის უზენაესობის მიღწევა შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები