ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიონ იაგლანდთან გამართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ტორბიონ იაგლანდი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის საკითხების, ასევე, ამ მიმართულებით, ევროსაბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და მის საქმიანობაში ევროსაბჭოს ჩართულობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„ევროპის საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რამდენიმე დღეში ჩამოდის თბილისში და თბილისში მას ექნება შესაძლებლობა, რომ უკვე ძალიან კონკრეტულად გაეცნოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვისაუბრეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის საკითხებზე ევროსაბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ევროსაბჭოს სხვადასხვა რეზოლუციების და ანგარიშების ფორმით საკმაოდ მნიშვნელოვან და აქტუალურ აქცენტებს აკეთებს ყოველთვის და ჩვენთვის პრინციპულია, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდეს. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის თაობაზე, ამ პროცესებში ევროსაბჭოს მონაწილეობის და ჩართულობის შესახებ, ვისაუბრეთ იმაზეც, რომ სხვადასხვა რეფორმების გაგრძელების კუთხით, როგორიცაა მაგალითად, სასამართლო რეფორმის გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანია საბჭოს მხარდაჭერა და საბჭოს ინტერესიც არის საკმაოდ მაღალი ამ საკითხების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი, როგორც საპარლამენტო ასამბლეასთან, ასევე, ევროპის საბჭოს სხვადასხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, შეძლებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს მათი ჩართულობით და შესაბამისად, დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების კუთხით, მნიშვნელოვანი გარდატეხები მოახდინოს“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს. ასამბლეის ფარგლებში, დეპუტატები მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები