“პატრიარქმა მითხრა ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ ბიჭებიო“ – პატრიარქის დაცვის უფროსი აგვისტოს ომს იხსენებს

რუსი გენერალი დაჟინებით ითხოვდა, რომ უწმინდესი შინდისში არ წასულიყო, თუმცა პატრიარქი შეუვალი აღმოჩნდა და შინდისში წავედით, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით აცხადებს.
მისივე თქმით, ბორისოვმა პატრიარქს უთხრა, – ცხინვალში მოკლული ქართველების, ოსების და რუსების ცხედრების გამო ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო.
ოხანაშვილი იხსენებს, რომ ბორისოვის ნათქვამის მოსმენის შემდეგ, პატრიარქი ატირდა, მერე ბორისოვს გადასცა 10.000 დოლარი – თუ შეიძლება, ეს თანხა დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების დასაკრძალავად, მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო…
„14 აგვისტოს პატრიარქმა გადაწყვიტა, კონფლიქტის ზონაში შესულიყო – იქ ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი რჩებოდა, რომელსაც ნუგეში სჭირდებოდა. ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია მიტროპოლიტ ისაიას. სწორედ მასთან მიდიოდა პატრიარქი. რა თქმა უნდა, რისკი ძალიან დიდი იყო და თავიდან უარზე ვიყავით. პატრიარქმა არ დაიშალა. პროცესში ჩაერთო რუსეთის მაშინდელი ელჩი და უსაფრთხოების გარანტიები მოგვცა. რა თქმა უნდა, რუსების დაპირების იმედად ვერ ვიქნებოდით. ამ დროს შემეხმიანა ვლადიმერ ჩაჩიბაია (ამჟამად გენშტაბის უფროსი; ჩვენ ამერიკაში სასწავლო კურსები ერთად დავასრულეთ) და სურვილი გამოთქვა, ჩვენთან ერთად წამოსულიყო. სამოქალაქო ტანსაცმელი ჩავაცვით, რომ იქ არავის ეცნო (იმ დღეებში ჩაჩიბაია სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა). გარდა ამისა, თან წავიყვანე სამოქალაქო ტანსაცმელგადაცმული სპეცდანიშნულების რაზმის კიდევ რამდენიმე წევრი. გვახლდნენ სასულიერო პირებიც.

15 აგვისტოს გორში გენერალი ბორისოვი დაგვხვდა, ჩვეულებისამებრ შეზარხოშებული იყო. როცა კონფლიქტის ზონაში გადავედით, თავს ორი შვეულმფრენი დაგვტრიალებდა, ბორისოვს ვკითხე, ვინ არიან-მეთქი. რუსული შვეულმფრენები არიან, პატრიარქის ესკორტს აცილებენ, რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს და მერე ჩვენ არ დაგვბრალდესო (პროვოკაციას მართლაც ვერ გამოვრიცხავდით).

ბორისოვმა პატრიარქს უთხრა, – ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ და გავყვიროდი, მოდით, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ-მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. მაღალი სიცხის გამო ეპიდემია რომ არ გავრცელებულიყო, ერთ ორმოში ჩავყარეთ და დავწვითო. ამის გაგონებაზე პატრიარქი ატირდა (მთელი დღე სულ თვალცრემლიანი დადიოდა). მერე ბორისოვს გადასცა 10.000 დოლარი – თუ შეიძლება, ეს თანხა დახოცილი ქართველების, ოსების და რუსების დასაკრძალავად, მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო… კონფლიქტის ზონაში ხალხი პატრიარქს საოცარი ემოციებით ხვდებოდა. უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდით, ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, შინდისთან ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ყრია და იქნებ პატრიარქს უთხრათო. პატრიარქმა როგორც კი გაიგო – წავიდეთ, ვნახოთ ბიჭებიო. ბორისოვი უარზე იყო, საჭირო არ არის, ჩვენ გადმოვასვენებთო.

რუსი გენერალი დაჟინებით ითხოვდა, რომ უწმინდესი შინდისში არ წასულიყო, თუმცა პატრიარქი აქ მართლაც შეუვალი აღმოჩნდა და შინდისში წავედით. იქ ისეთი მძიმე სურათი დამხვდა, ცრემლს ვერ ვიკავებდი, პატრიარქს ვთხოვე, მანქანიდან არ გადმოსულიყო. ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ნაწილებად იყო მიმოფანტული, სულ 16-ნი იყვნენ. ბორისოვი ჰყვებოდა, ბიჭებმა მაგრად იბრძოლესო.

როგორც ადგილზე გავიგე, ქართულ სამხედრო კოლონას რუსული ავიაცია დაესხა თავს, ნაწილმა გაასწრო, ნაწილი დარჩა. შემდეგ სატანკო დანაყოფი ჩაერთო. ოთხი ჯარისკაცი ერთად მომკვდარიყო – ტანკის ორი ჭურვი ჰქონდათ მოხვედრილი. ერთს ხელში ტელეფონი შერჩენოდა. პატრიარქმა თქვა, – ბიჭები უნდა წავასვენოთო (თან ერთი მანქანა გვახლდა – პატარა ე.წ. ლაფეტი). მერე მითხრა, – ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ, ცივზე არ დააწვინოთ ბიჭებიო. მართალია, პატრიარქი მანქანიდან არ გადმოსულა, მაგრამ ხედავდა, მანქანაზე როგორ დავაფინეთ სხვა რაღაცები და როგორ ვაწყობდით ქართველი გმირების სხეულის ნაწილებს… მხოლოდ 6 დაეტია. უწმინდესი მანქანაში ტიროდა (სამი დღე მოვუნდით ცხედრების გადმოსვენებას).

განადგურებულები დავბრუნდით თბილისში, მესამე დღეს ერთი ჯარისკაცის დედა მოვიდა ჩვენთან, თან შვილის სურათი მოიტანა, – ბოლოს შინდისიდან დამირეკაო. სურათზე ამოვიცანი – ერთ-ერთი გმირი შინდისელი იყო“ , -აცხადებს პატრიარქის დაცვის უფროსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები