გიგი უგულავა: 2013 წელს მწვავედ დავუპირისპირდი სააკაშვილს, ჩვენი საუბარი ლამის ჩხუბამდეც კი მივიდა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება 2013 წელს დაიწყო. ამის შესახებ უგულავა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” საუბრობს.
როგორც ის აცხადებს, დაპირისპირება პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხმა გამოიწვია.
”ჩემს წერილზე აპელირება არასწორია. პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი ჯერ კიდევ 2013 წელს დადგა. მაშინაც მწვავედ დავუპირისპირდი სააკაშვილს, ჩვენი საუბარი ლამის ჩხუბამდეც კი მივიდა. ჩემი პოზიცია იყო, რომ კარგი იქნებოდა, თუ სააკაშვილი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებდა, მხოლოდ ქვეყნის პირველი პირის სტატუსით შემოფარგლულიყო, პარტიის ლიდერად კი სხვა კანდიდატურა აგვერჩია. გაცნობიერებული გვქონდა, რომ პროკურატურა ბრალდებების შეკერვით იყო დაინტერესებული და, ბუნებრივია, პარტიის ლიდერების დაკავებასაც ველოდებოდით. მიშას ვუთხარი, მთელ დარტყმას ავიღებთ ჩვენ, შენ კი იყავი პრეზიდენტი, ეს შენთვისაც პოლიტიკურად მომგებიანი პოზიცია იქნება-მეთქი. ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ნაკარნახევი იყო პირველ რიგში, მისი ინტერესებით – პარტია განახლების გზას დაადგებოდა და დარტყმასაც ჩვენს თავზე ავიღებდით, თუმცა მაშინ სააკაშვილისგან პასუხად არაადეკვატური რეაქცია მივიღე. ამ დაპირისპირების შემდეგ პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში კიდევ არაერთხელ დადგა. მათ შორის მაშინაც, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და მას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნეს. ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა”, – აცხადებს უგულავა.
მისივე თქმით, სააკაშვილი, როგორც ლიდერი, ვალდებული იყო, თანამებრძოლებსა და მხარდამჭერებთან ახალი მიდგომები გამოენახა, თუმცა ვერ შეძლო.
”სწორედ ამიტომაც ვთქვი, რომ ის ჩვენი გუნდის ლიდერობის ღირსი არ არის. 2013 წელს არავინ იყო ისეთი, არაადეკვატური სააკაშვილისთვის ეთქვა, რომ ჩვენ მასზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ვართ და ამიტომ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ დღეს უკვე ამის თქმა თამამად შემიძლია. სამწუხაროა, რომ სააკაშვილის დროსთან ადეკვატურად მოქმედების შინაგანი რესურსი არ ეყო. შედეგად – დღეს ”ნაციონალური მოძრაობაც” ერთი კაცის პარტია გახდა”, – აღნიშნავს „ნაციონალების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი.
ამასთან, უგულავას თქმით, სააკაშვილს მასთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა.
”სააკაშვილთან კომუნიკაცია ვცადე, თუმცა საუბარი მხოლოდ მიწერ-მოწერის დონეზე შედგა, მას ჩემთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა. მისი ფიქრით, პარტიაში მიმდინარე პროცესებთან კავშირი არა აქვს და ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ხდება. მისი მხრიდან ეს იმდენად ზერელე საუბარი იყო, რომ ჩემთვის პოლემიკის დაწყებაც უინტერესო გახდა. ჩემი ბოლო გზავნილი ასეთი იყო – ”ნაციონალური მოძრაობის” დანგრევასა და დაშლაზე პასუხისმგებელი ხარ შენ!” დანარჩენი პერსონალური საუბარი იყო”, – აცხადებს გიგი უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები