მოსამართლე ვანო მერაბიშვილს სასამართლო პროცესიდან გაძევებით დაემუქრა

   საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 26 მაისის საქმის სასამართლო პროცესზე განსასჯელ ვანო მერაბიშვილის განცხადებას მოსამართლის შენიშვნა მოჰყვა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლოს უპატივცემულობაში დაადანაშაულა და განმეორების შემთხვევაში მას დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა. სასამართლო პროცესზე, რომელიც 11 საათზე დაიწყო, განსასჯელმა სასამართლო კოლეგიას განცხადებით მიმართა. მერაბიშვილმა მოსამართლეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მან პროკურატურას არ დაავალდებულა, დაეწყო გამოძიება, ვანო მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ციხიდან გაყვანის საქმის გამოუძიებლობა არის სერიოზული ლაქა როგორც მთავრობისთვის, ასევე კონკრეტულად მოსამართლე ხათუნა ხარჩილავასთვის. განსასჯელის განცხადებას მოსამართლის შენიშვნა მოჰყვა: „ბატონო ივანე, გაძლევთ შენიშვნას და გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ, თუ სასამართლოს მოიხსენიებთ არაკორექტულად, შესაბამისად აღნიშნულს შევაფასებ, როგორც სასამართლოს უპატივცემულობას და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, მივიღებ გადაწყვეტილებას თქვენი სხდომიდან გაძევების თაობაზე“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ. მიუხედავად მოსამართლის გაფრთხილებისა, ვანო მერაბიშვილმა სასამართლოს კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა. გარდა ამისა, განსასჯელმა სასამართლო ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა. „მე კიდევ ერთხელ ვაყენებ თქვენს წინაშე შუამდგომლობას, რომ მისცეთ ვადა – ორი ან სამი დღე პროკურატურას, რათა თუნდაც ოთხდღიანი ვადა მომცეს მე და ჩემს დაცვას, რომ ჩვენი დაცვის მოწმეები წარმოვადგინეთ სასამართლო პროცესზე“, – აღნიშნა განსასჯელმა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ხუთი მოწმე წარმოადგინა. მათ შორის არიან 2011 წლის 26 მაისის აქციის უშუალო ორგანიზატორები – სახალხო კრების წევრები: გია ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დაიკითხებიან, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადეს. სასამართლო პროცესი 6 საათამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები