აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ხულოს მერთან ერთად ხულოში სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
“შეხვედრის მიზანი იყო სამინისტროს 2026 წლის პროგრამების შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და სოფლის ექიმების ინფორმირება, რათა მოსახლეობას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისებზე ინფორმაცია დროულად მიეწოდოს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებსა და მოქმედ სკრინინგ პროგრამებზე ისაუბრა ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა. აღნიშნული პროგრამებით წლის განმავლობაში დაახლოებით 25 000 ბენეფიციარი ისარგებლებს. ასევე გაგრძელდება აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა, რომელიც აპრილიდან დაიწყება.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე, სამედიცინო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები”,- წერია ინფორმაციაში.