“თი ბი სი ბანკი” ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანიისგან 55 მილიონი დოლარის ფინანსურ რესურსს მიიღებს

“თი ბი სი ბანკს” ნიდერლანდების განვითარების ფინანსურმა კომპანიამ (FMO) 55 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო. აღნიშნული რესურსი “თი ბი სი ბანკს” საშუალებას მისცემს, აქტიურად განაგრძოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება საქართველოში. სასესხო ხელშეკრულების მიხედვით, “თი ბი სი ბანკი” მიიღებს 25 მილიონ აშშ დოლარს 7 წლის ვადით, ხოლო მისი შვილობილი კომპანია, ბანკი “რესპუბლიკა” – 30 მილიონ აშშ დოლარს, 5 წლის ვადით.
„მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიასთან. ამ რესურსების საშუალებით, “თი ბი სი ბანკი” შეძლებს, კიდევ უფრო გაამყაროს პოზიცია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტში და გაზარდოს ქართული ეკონომიკისთვის ამ მნიშვნელოვანი სექტორების დაფინანსება,”- განაცხადა “თი ბი სი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„თი ბი სი ბანკი”, თავის არსებობის მანძილზე, მუდმივად მხარში უდგას და აფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესსექტორს, რომელიც ქართული ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ვაგრძელებთ “თი ბი სი ბანკთან” თანამშრომლობას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. “თი ბი სი ბანკი” ქართული ფინანსური სექტორის წამყვანი ინსტიტუტია და მოხარული ვართ, რომ ჩვენი 10-წლიანი თანამშრომლობა სმე სექტორის გასაძლიერებლად წარმატებით გრძელდება,” – განაცხადა FMO-ს სამოქალაქო საქმეების მენეჯერმა, მათაის ლაბოუნმა.
ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია (FMO) ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ბანკია, რომელიც ხელს უწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. კომპანია ძირითადად აქცენტს აკეთებს სამ სექტორზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრობიზნესი, საკვები და წყალი. ბანკის მთლიანი საინვესტიციო პორტფელი შეადგენს 7, 6 მილიარდ ევროს. “თი ბი სი ბანკი უკვე 10 წელზე მეტია, რაც ნიდერლანდების განვითარების კომპანიასთან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ხელი მოეწერა 10 სასესხო ხელშეკრულებას 150 მილიონი დოლარის ჯამური მოცულობით. (R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები