ალექსანდრე ჯეჯელავა: განათლების სამინისტროს სისტემაში სამსახურს 250-მდე ადამიანი დატოვებს

განათლების სამინისტროს სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად სამსახურს 250-მდე ადამიანი დატოვებს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
გადაცემაში, მინისტრმა უწყებაში დაგეგმილ რეორგანიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რესურსცენტრებში არსებული იურისტების განახევრება იგეგმება.
ჯეჯელავას თქმით, რესურსცენტრების 73 რაიონულ განყოფილებაში თითო იურისტი ჰყავდათ და რეორგანიზაციის შედეგად 36-37 იურისტი დარჩება.
„რესურს-ცენტრებთან ერთად შეთანხმებით გადაწყდა, რომ იურისტები სრულად დატვირთული არ იყვნენ. ყველა რესურსცენტრს თითო იურისტი არ სჭირდება და გადავწყვიტეთ რაოდენობა გავანახევროთ“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც ჯეჯელავა აღნიშნავს, ოპტიმიზაცია შეეხო ასევე აუდიტის სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლებს. ჯეჯელავა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით ზოგიერთ შემთხვევაში სკოლებში ინტერნეტ სპეციალისტების მუშაობის ნაცვლად ინტერნეტ კომპანიების მომსახურეობა შეისყიდონ.
„გვყავდა პროფორიენტაციის კოორდინატორები. ეს პროექტი კარგი პროექტია და უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა გაგრძელდეს როგორც არასამთავრობო სექტორთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს აპარტში დასაქმებულთა რეორგანიზაციასაც არ გამორიცხავს. „იქიდან დავიწყებ პირველ რიგში, რადგან არასწორი იქნებოდა ხელი გვეხლო რომელიმე სხვა სამსახურისთვის ისე, რომ ჩვენ თავს გავფრთხილებოდით. განათლების ხარისხთან დაკავშირებულ სამსახურებში კი განათლების თანამშრომლების რაოდენობა და ხელფასებიც მოიმატებს“, – განაცხადა მინისტრმა. ჯეჯელავას განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურს სულ 200-250-მდე ადამიანი დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები