სალომე ჩარკვიანმა, რომელიც “ცენტრ პოინტის” საქმეზე პატიმრობაში იმყოფებოდა, რჩეულიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

სალომე ჩარკვიანმა, რომელსაც “ცენტრ პოინტის” საქმეზე 4-წლიანი პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული, დღეს გამართულ სხდომაზე სასამართლოს მაია რჩეულიშვილის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა.
როგორც მოწმემ განაცხადა, იმ დოკუმენტებზე, რომლებზეც ფიქსირდება მისი ხელმოწერა, რის საშუალებითაც სხვადასხვა თანხებია გატანილი სალაროდან, მაია რჩეულიშვილის დავალებით აწერდა ხელს.
ჩარკვიანის განმარტებით, მას ზუსტად არ ახსოვს, თუმცა, უმეტესად, ის არ კითხულობდა იმ დოკუმენტაციას, რაზეც ხელს აწერდა.
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, სალაროდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოდენობის თანხებია გატანილი.
მოწმეს კითხვა ხელმოწერებთან დაკავშირებით, ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმაც დაუსვა, რაზეც სალომე ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ის სამსახურიდან წავიდა, მისი ფაქსიმილეს მეშვეობით, გატანილია ასევე თანხები, თუმცა რა გზით, მისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სალომე ჩარკვიანს მიმდინარე წლის ივლისში საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების სანაცვლოდ გაუფორმდა.
როგორც მაშინ საქმის პროკურორმა განაცხადა, გათვალისწინებულია ის გარემოებები, რომ სალომე ჩარკვიანმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა პროკურატურასთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მიაწოდა სამართალდამცველებს ინფორმაცია. ასევე, ჩარკვიანი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა.
მაშინ „ცენტრ პოინტი აჭარას“ ყოფილი დირექტორის სალომე ჩარკვიანის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდებოდა. სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა პეტიცია შექმნეს.
სალომე ჩარკვიანს სამი შვილი ჰყავს,  მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები