„მასტერას“ დედა: „ნაციონალებთან“ მომუშავე ყველა ჩინოვნიკი უნდა მიიჭყლიტოს

გია დგებუაძის იგივე „მასტერას“ დედამ ნელი დგებუაძემ შვილისთვის 9 წლიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც ჟურნალისტებს ნელი დგებუაძემ განუცხადა, მას დარჩა განცდა, რომ ყველა მოწმე გარკვეულწილად დათრგუნული იყო.
„9 თვის განმავლობაში თითქმის არც ერთი პროცესი არ გამომიტოვებია, დაკვირვებით ვუყურებდი მოწმეებს და იმედი ჩამესახა, რომ ჩემს შვილზე არ ყოფილა მითითება, რომ მას იარაღი ჰქონდა, ვინმეს დაუმიზნა ან მოკლა. იმედი ჩამესახა, რომ ისე არ არის, როგორც თავიდან თქვეს, რომ განზრახ მკვლელობა იყო. თუმცა ახლა ისეთი შთაბეჭდილებით მივდივარ და გული მტკივა გადაწყვეტილებაზე, ეს არ არის ის მართლმსაჯულება, რითაც საქართველომ უნდა იაროს. აქ იგრძნობა, რომ „ნაციონალებთან“ მომუშავე ჩინოვნიკები ყველა ჩინოვნიკი უნდა მიიჭყლიტოს. ეს ვიგრძენი მე. ვნატრობ, რომ იყოს ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც ადამიანებს მოეწონებათ”, – განაცხადა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის დასრულების შემდეგ საქმეში მსჯავრდებულის გია დგებუაძის დედამ ნელი დგებუაძემ.
კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“ სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძეს წარდგენილი ბრალი – განზრახ მკვლელობა – გადაუკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობაში დახმარების გაწევის ბრალდებით. რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებას, სასამართლომ ის გაამართლა. გამამტყუნებელი განაჩენის შესაბამისად, გია დგებუაძეს „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები