თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ შევძლებთ ამ მძიმე პერიოდის გადატანას ისე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ტერორიზმის ტკივილი საკუთარ თავზე არ გამოსცადონ
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ ამ მძიმე პერიოდის გადატანას ისე, რომ უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებმა ტერორიზმის ტკივილი საკუთარ თავზე არ გამოსცადონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს თურქეთსა და გერმანიაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს შესაბამისი უწყებები ამისთის ყველაფერს გააკეთებენ.
”საკმაოდ მძიმე დღე იყო გუშინ. როგორც გერმანიაში მომხდარი ძალიან ტრაგიკული შემთხვევა, ასევე, თურქეთში მომხდარი ფაქტი უკვე შეფასდა როგორც ტერორისტული აქტი. ძალიან მძიმეა ამ ტერორის ყურება, რომელიც მასობრივად აჩენს განცდას, რომ დაუცველია ცივილიზებული სამყარო. მე იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ლიდერები ამ პრობლემასთან გამკლავებას შეძლებენ, თუმცა ძალიან მძიმე პრობლემაა.
გლობალურად, როგორც ყველამ ვიცით, არის ძალიან მძიმე ვითარება, ტერორიზმის ხარისხი იმატებს და ძალიან განვითარებული ქვეყნებიც ვერ უმკლავდებიან. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მძიმე პერიოდის გადატანას ისე, რომ უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებმა ეს ტკივილი საკუთარ თავზე არ გამოსცადონ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ”,- დასძინა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან ესროლა.
გუშინვე, ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტობუსი შევარდა. დაღუპულია 12 ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა.