გიორგი მღებრიშვილი სომხეთის პრეზიდენტს და პოლიციის უფროსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. გიორგი მღებრიშვილი რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს და პოლიციის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ გასპარიანს შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილმა სომეხ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და სომხეთის შს სამინისტროებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უკვე გააფორმეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართველი და სომეხი პოლიციელების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იგი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება.
სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა და ვლადიმირ გასპარიანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები