“2017 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე და ფისკალურ მდგრადობაზე ორიენტირებული”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმცირესობა სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. თალაკვაძემ ეკონომიკის განვითარების მხრივ მთავრობის პროგრესებზე ისაუბრა და ოპოზიციას მოუწოდა, „ხალხს ტყუილებს ნუ ეუბნება“.
„2017 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე ორიენტირებული და ფისკალურ მდგრადობაზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ეს არის დღეს უკვე არამხოლოდ ჩვენი მოსაზრება, არამედ, მსოფლიო სავალუტო ფონდის შეფასება, რომელიც უკვე გამოეხმაურა ბიუჯეტის ახალ პროექტს. მოდით, კიდევ ერთხელ ვნახოთ, რამდენი და რა შედის დაფინანსებულ სფეროებს შორის, პირველ ათეულში, ეს არის ჯანდაცვა, ეს არის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლება, მუნიციპალიტეტები, პოლიცია და მართლწესრიგი, ეკონომიკა, თავდაცვა. რეალურად, ჯანდაცვაში ჩვენ გვაქვს ზრდა. განათლებაში გვაქვს ზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა ბიუჯეტის თვალსაზრისით და ეს პრიორიტეტები თანხმობაშია მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ოთხ პუნქტიან გეგმასთან. თქვენ ნახეთ დადასტურებული მაჩვენებლები, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ეკონომიკა მუშაობს და კიდევ უფრო სწრაფად ამუშავდება 2017 და შემდგომ წლებში.
„2004-12 წლებში საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა ჩვენს ორ მეზობელს: სომხეთს და აზერბაიჯანს. თუმცა, თუ გახსოვთ თქვენი მმართველობის პერიოდში შეძელით და მოსახლეობა დააჯერეთ დროებით, რომ ჩვენ არ გვქონდა საუკეთესო მაჩვენებლები, ეს იყო მოდელირებული რეალობა, თუმცა დღეს უკვე ნათელია რაც ხდებოდა მაშინ. უთხარით დღეს, რომ ხალხს ტყუილს ეუბნებოდით ან ეუბნებოდით სხვანაირ სიმართლეს, იმიტომ, რომ სხვა ახსნა აი ამ მაჩვენებლებს არ აქვს. 2013-15 წლებში საქართველო თურქეთის შემდეგ, ანუ ეს არის ჩვენი ადმინისტრაციის პერიოდი, 2013-15 წლები, საქართველო რეგიონში თურქეთის შემდეგ არის მოწინავე ადგილზე ეკონომიკური ზრდით. რაც შეეხება რკინიგზას, ბატონო რომან, რკინიგზის შემოსავლები 2012 წელს 469 მილიონი იყო, 2013 წელს 479 მილიონი იყო, 2014 წელს 511 მილიონი იყო და 2015 წელს 574 მილიონი იყო. დივიდენდებს რაც შეეხება უკვე მერამდენედ ამბობთ, რომ ბიუჯეტი კარგავს ამ დივიდენდებს. ეს დივიდენდები ბიუჯეტში არ ირიცხება როგორც წესი, ეს ირიცხება საპარტნიორო ფონდში, ამიტომ აპელირება იმაზე, რომ ბიუჯეტი კარგავს რაღაც შემოსავალს არ მგონია, რომ იყოს მართებული. რაც შეეხება მოგებას, თქვენ რაზეც საუბრობდით, ჩვენ რომ გვქონოდა უფლება, რომ დოლარში გამოგვესახა მოგება-ზარალის ბალანსი მაშინ ნახავდით, რომ 160 მილიონი ლარი არის პლიუს მოგება რკინიგზის სისტემის. ამიტომ ნუ გგონიათ, რომ ისევ მოჩვენებით რეალობაში ვცხოვრობთ, მედია ისევ ერთ ხმაში აღარ საუბრობს და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას აქვს ყველანაირი ინფორმაცია, რომ სწორი დასკვნები გააკეთოს“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას.
რაც შეეხება ნავთობისა და გაზის კორპორაციას, თალაკვაძის თქმით, ეს კორპორაციაც მომგებიანია და არა ზარალიანი, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს.
„2013-15 წლებში ჯამური მოგება 214 მილიონი ლარი იყო. რაც შეეხება მეწარმეებს, ვერ ვხდები რატომ დაყავით მეწარმეები ჩვენი დროის და თქვენი დროის მეწარმეებად. ეს ხალხი ხომ მაშინაც და დღესაც წესიერად, მოტივირებულად მუშაობდნენ, იხდიდნენ გადასახადებს და ქმნიდნენ დოვლათს. შეხედეთ რეალობას, აწარმოე საქართველოში პროგრამა, ითქვა აქ და გადაამოწმეთ, 450 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა ამ პროგრამამ. მართლა რა გგონიათ? ეს ფული სად წავიდა, ვერ ვხვდები თქვენი პრეტენზიები რას ეფუძნება, ეს ფული წავიდა ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახებში. მეწარმეობის მხარდაჭერაზე უკვე მერამდენედ ვისმენთ აგდებულ და ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებებს და შეფასებებს. 3 ათასზე მეტი მეწარმე და საწარმოს პროექტი დაფინანსდა ამ პროგრამის ფარგლებში. ნახეთ შეფასების დოკუმენტი, რომელიც ჩვენ არ გაგვიკეთებია, დამოუკიდებელი შეფასებაა. სადაც ჩანს, რომ ამ საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობა ერთი წლის თავზე ისევ წარმატებით მუშაობდა ან გაზრდილი იყო ბრუნვის თვალსაზრისით“, – განაცხადა არჩილ თალკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები