გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც ცდილობს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას

ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც ცდილობს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას და, ამავე დროს, ზრუნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანულ გამოცემა Zeit Online -თან ინტერვიუში აცხადებს.
ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრისას, ინტერვიუში, გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია თავი უსაფრთხოდ იგრძნო, როცა შენს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული და როდესაც მოქალაქეებს აკავებენ იმ საზღვრების გადაკვეთის ბრალდებით, რომლებსაც საქართველო სამართლიანად არ აღიარებს საზღვრებად.
„როგორ შეიძლება თავი უსაფრთხოდ იგრძნო, როცა შენს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული? როცა ხდება მოქალაქეთა დაკავება იმ საზღვრების გადაკვეთის ბრალდებით, რომლებსაც ჩვენ სამართლიანად არ ვაღიარებთ საზღვრებად? ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი სამხედრო ავანტიურები, მაგრამ უსაფრთხოებაზე საუბარი გულუბრყვილობა იქნებოდა. მართალია, ჩვენ გვაქვს საკმარისი სტაბილურობა, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა დღესაც რთული რჩება. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც ცდილობს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას და, ამავე დროს, ზრუნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ეს არის ჩვენი გადარჩენის სტრატეგია და ეს არის ასევე ის, რაც სურს მოსახლეობას“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
კითხვაზე, ის გარემოებები, რომ ევროკავშირი დასუსტებულია, ხოლო ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, იწვევს თუ არა ეს პრემიერის შეშფოთებას, გიორგი კვირიკაშვილი შემდეგნაირად პასუხობს:
„ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა კონგრესსა და სენატში, ორივე მათგანი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენთვის გადამწყვეტი. გამომდინარე აქედან, არ ველით რაიმე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ცვლილებებს რეგიონში ამერიკის როლთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები