დიდუბის პანთეონის დირექტორი მურთაზ ზოდელავას ტყუილში ამხელს – „ჟვანიას საფლავი არ გაჭრილა“

დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დირექტორის ბადრი ქუთათელაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას საფლავი არ გაჭრილა და ექსჰუმაცია არ ჩატარებულა. როგორც ბადრი ქუთათელაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდა, ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება.
„არავითარი ექსჰუმაცია არ ჩატარებულა. თანამშრომლები მთელი დღე სამსახურში არიან. ჟვანიას საფლავზე ქვა ისევ ისე დევს, როგორც იდო, ისევ ისეა შემოსაზღვრული და ხელუხლებელია. ჟვანიას საფლავს ხელი თუ ახლეს და მით უმეტეს, ექსჰუმაცია ჩაატარეს, ვერ დავინახავდი და არ მეცოდინებოდა? ექსჰუმაცია რთული პროცედურაა, გარკვეული პერსონალი ესაჭიროება და არა შემთხვევითი ადამიანები, ამ საქმის პროფესიონალებმა უნდა გათხარონ საფლავი, პროკურატურის წარმომადგენლებისა და ექსპერტების გარდა, სანეპიდსადგურის თანამშრომლებიც უნდა იყვნენ. ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. 11 წელი გავიდა, რა თქმა უნდა სასახლეს პირვანდელი მდგომარეობა არ ექნება, ამიტომ ყველაფერი გასათვალისწინებელია,“ – ამბობს პანთეონის დირექტორი. 15435734_1327820773907079_1495224281_n
მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზურაბ ჟვანიას საფლავს 24 საათიანი დაცვა იცავდა. ბადრი ქუთათელაძის განმარტებით, დაცვის წევრები პანთეონის შესასვლელთან მანქანაში ისხდნენ და საფლავს მეთვალყურეობდნენ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გადაცემაში „არჩევანი,“ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია ფარულად ჩაუტარდა.
„როგორც ვიცი, ფარულად მოხდა ექსჰუმაცია, ალბათ, ამის თაობაზე ოჯახმაც იცის. რაც შეეხება გოგლა ჟვანიას მიერ ნახსენებ ვიდეოფირს, იქ არავითარი საიდუმლო მასალები არ ყოფილა, რაც შემდგომმა მოვლენებმაც აჩვენა“, – აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.
ყოფილი პროკურორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საეჭვო დეტალები ვერ აღმოაჩინა, ამ საქმის მიმართ ინტერესი დაკარგა.
„გოგლა ჟვანია ახლა საუბრობს, რომ ზურაბ ჟვანია ხელოვნურად მოწამლეს, აქამდე მას სხვა ვერსიები ჰქონდა და ფიზიკურ დაზიანებებზე საუბრობდა. ფაქტი ერთია – ფარულად ჩატარდა ექსჰუმაცია, ხელისუფლებამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. ამიტომ, საქმის მიმართ ინტერესი დაკარგა და გოგლა ჟვანიაც, შესაბამისად, ამიტომ ვეღარ აღმოჩნდა 2016 წლის საპარლამენტო სიაში“, – განაცხადა გადაცემა „არჩევანში“ ჩართვისას მურთაზ ზოდელავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები