სოზარ სუბარი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა.

ქართულმა მხარემ უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით, მეორე სამუშაო ჯგუფში შექმნილ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჟენევის პროცესში UNHCR-ის როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ინტეგრაციის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური დახმარების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს.

ფილიპო გრანდიმ მინისტრს ვიზიტისა და გაეროს უმაღლეს კომისართან 2017 წლის დიალოგში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ UNHCR-ის მანდატის მიუხედავად, ლტოლვილთა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებით ოფისის საქმიანობის გააქტიურებას ანიჭებს.

გრანდიმ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობასთან ოფისის თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრის დროს მინისტრმა სოზარ სუბარმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი შალვა ცისკარაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ ბასილია და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ევროპის ბიუროს თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები