პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 საარჩევნო უბანია გახსნილი.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბნებზე, ასევე, გადასატანი ყუთის მეშვეობით, ხმას აძლევენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან.
საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და უბანზე არცერთი საჩივარი არ დაწერილა.
„უბანი8 საათზე გაიხსნა და პირველი ამომრჩეველი 08:45 საათზე მივიღეთ. ამომრჩეველთა აქტივობა ნორმალურია, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და საჩივრები არ გვაქვს“, – განაცხადა საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ.
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის ანნე სკათვედტის განცხადებით, შერჩეულ უბანზე ეუთო წარმოდგენილია ორი დამკვირვებლით და დაკვირვების შედეგები საბოლოო ანგარიშში იქნება ასახული.
“ორ თვეზე მეტია რაც ეუთო-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოში ვიმყოფებით. ამჟამად N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიმყოფებით, სადაც საარჩევნო პროცედურებსა და არჩევნების მიმდინარეობის პროცესს ვაკვირდებით”, – განაცხადა ანნე სკათვედტმა.
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები N9 (ერთი უბანი), N8 (ორი უბანი), N16, N17, N5 და N6 (ერთი უბანი), N15 და N19 (ერთი უბანი), N2, N3 პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები