სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

     საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა გუბერნატორს, მხარისმუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს 2014 წელს რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად რეგიონში 2014 წელს წყალ-კანალიზაციის მშენებლობა-რეაბილიტაცია გამოიკვეთა. შესაბამისი სამუშაოები დაიწყება ახალციხეში, წაღვერში, ლიკანსა და ასპინძაში. წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. დასახელებული პროექტების საერთო ღირებულება 7 189 300 ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციასაც. ამ მიმართულებით 2014 წელს სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 800 000 ლარს დახარჯავს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის, მლაშე-მოხე-დერცელის და ხაშური-ახალციხე-ვალეს (2 მონაკვეთი) საავტომობილო გზებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზას. ხაშური-ახალციხე-ვალე-თურქეთის საზღვრის საავტომობილო გზაზე კი მოეწყობა მდინარე ფოცხოვზე ახალი სახიდე გადასასვლელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე ხევისწყალზე არსებულ სახიდე გადასასვლელს. აღნიშნულ პროექტებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. გარდა რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტით დაგეგმილი სამუშაოებისა, შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები. მიმდინარე წელს, პირველ ეტაპზე, სამცხე-ჯავახეთში სულ 11 570 015 ლარის ღირებულების 25 პროექტი დამტკიცდა. 18 პროექტი – გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია; 2 პროექტი – წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; 5 პროექტი – ეზოებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჯამში, 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 13 565 800 ლარს დახარჯავს, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 11 570 015 ლარს მიიღებენ, რომლითაც 25 პროექტს განახორციელებენ. საბოლოოდ, სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები