ეკა ბესელია: კონსტიტუცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამახინჯა

“აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოლიტიკური პარტიების მოწოდებას, რომლებიც ამბობენ, რომ არ მისცემენ დირექტივას ამომრჩეველს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ ხმა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, კონსტიტუცია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამახინჯა, შეცვალა, სურთ, რომ ეს დამახინჯებული და ბალანსდარღვეული კონსტიტუცია შეინარჩუნონ.

“ჩვენ გვაქვს განცდა, რომ კამპანია, რომელიც დაიწყეს, დაწყებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მათივე მხარდაჭერის მიზნით. კონსტიტუცია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამახინჯა, შეცვალა, სურთ, რომ ეს დამახინჯებული და ბალანსდარღვეული კონსტიტუცია შეინარჩუნონ. ამიტომ ამ ტიპის კამპანიის დაწყება პირდაპირ, ყოველგვარი შეფარვის გარეშე, ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს მეტი მანდატი და მოუწოდებენ ამომრჩეველს, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ, გააკეთონ არჩევანი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. ამიტომ სახელი უნდა დავარქვათ, ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა და პირდაპირი საარჩევნო კამპანია, რომელიც ახლა ორკესტრირებულად დიახ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე საუბარი მიუღებელია.
„მთავარია, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვის ხელში ექცევა. ჩვენ ვაჩვენეთ ოთხი წლის განმავლობაში და ამომრჩეველი, რომელიც თვალს ადევნებს, იოლად დაინახავს, რომ ყველაზე კარგი მაგალითია, როგორ შეიზღუდა საკუთარი საკონსტიტუციო უფლებამოსილება ჩვენი ხელისუფლების პირველმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მან საკუთარ თანამდებობაზე თქვა უარი და ამით აჩვენა პირველი მაგალითი იმ ძალიან მაღალი, გაზრდილი პრემიერის უფლებების პირობებში, რომ თავად დატოვა ეს პოზიცია და ასევე მოუწოდა გუნდს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გვემუშავა ერთად. მთავარი გამწონასწორებელი არის, ერთი მხრივ, გუნდის პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი, რომელიც არსებობს და მეორე მხრივ, ანგარიშის გაწევა საზოგადოებისთვის. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვუსმენთ სამოქალაქო საზოგადოებას”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, მიმართვის ავტორების პოზიცია კითხვის ნიშნებს არავის უჩენს, თუ ვისი მხარდამჭერები არიან ეს ადამიანები.
„აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პოლიტიკური პარტიების მოწოდებას, რომლებიც ამბობენ, რომ არ მისცემენ ასეთ დირექტივას ამომრჩეველს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მისცენ ხმა. აქვე დავძენდი, რომ ვინც ასეთ მოწოდებას შეუერთდება, ხმა მისცეს არჩევნების მეორე ტურში “ნაციონალურ მოძრაობას”, ამ მოწოდების ავტორიც უნდა იზიარებდეს იმ მორალურ პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება წარსულში ძალადობრივი და სასტიკი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე და ღირსებაზე გაიარა”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები