დავით ქართველიშვილი: მე ვგმობ ძალადობას ოღონდ ამ ძალადობის გამომწვევ პროვოკაციებთან ერთ ჯაჭვში, განცალკევებით – არა

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ძალადობის დაგმობისკენ მოწოდება იმ ქვეყნის საელჩოს მხრიდან, რომელმაც თავად ააგო პოლიტიკა ძალადობაზე, მიუღებელია.

„ძალადობას მეც ვგმობ. ჩემით ვგმობ, ამისკენ გარედან ყოველგვარი მოწოდებების გარეშე. მით უმეტეს, გააჩნია ვინ მოგიწოდებს. იმ ქვეყნის საელჩო, რომელმაც უკანასკნელ წლებში ტოტალურ ძალადობაზე ააგო საკუთარი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა? სადაც პოლიტიკური ოპონენტის დამარცხების საუკეთესო იარაღად მისი ფიზიკური ლიკვიდაციაა მიჩნეული?

როდესაც სწორედ ამ საელჩოს კედლებში მუშავდება ქართველი ადამიანის მენტალობის შესწავლაზე დაფუძნებული ათასნაირი მაპროვოცირებელი მეთოდები და მერე მიდის მათი პრაქტიკული ხორცშესხმა, სავარაუდო საპასუხო ძალადობის მოლოდინში, ადვილია ბრძნული რჩევების მიცემა.

ვერ ვიტან ძალადობას და ვგმობ, უბრალოდ მიჭირს იმ ზღვრის გავლება – სად გადის ადამიანის თმენის ვალდებულება. აქ ყველაფერი ინდივიდუალურია. როდესაც პარლამენტის შენობაში 2023 წლის მარტში, ჯერ კიდევ 40 დღე რომ არ გასულა შვილის გარდაცვალებიდან, „TV პირველის” გამოცდილი პროვოკატორი ჟურნალისტი და ოპერატორი რომ არ მეშვებოდნენ კითხვებით: ,,რატომ დავდივარ ღამით სასაფლაოზე…რას მეტყოდა დღეს ჩემი შვილი „რუსულ” კანონზე და ა.შ.”…

იყო თუ არა ეს ის შემთხვევა, როდესაც თმენის ვალდებულების „ტუმბლერი” ტყდება მდგომარეობა „off”-ში და შენ ძალადობას მიმართავ – ემოციურ, ქართულ და დაუნდობელს? ალბათ არის. მე იმ მომენტში „უცნაურად” მოვიქეცი: გოგონა ჟურნალისტს ჩავეხუტე და მას და ოპერატორს ვთხოვე, სახლში დაგვიანებით მოსვლის ყოველ შემთხვევაში მშობლებს გადაურეკონ და გააფრთხილონ ამის თაობაზე.

რაც შეეხება მოწოდებას, რომ საქართველო უკეთესს იმსახურებს – რატომაც არა. უბრალოდ ტერმინ „უკეთესთან” მათ მიერ გამოზრდილ პროვოკატორებს და სისტემურ კრიმინალებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. მათ აუცილებლად გავასამართლებთ – ძალადობის გარეშე, პოლიტიკურად და სამართლებრივად. მათ ადგილებს კი, დაიკავებს ის „უკეთესი”. სწორედ ისე დაიკავებს, როგორც უკეთესმა ჩაანაცვლა თვით ამერიკაში აშკარად უარესი. არა იდეალურმა ჩაანაცვლა, არამედ უკეთესმა. ასე რომ, ყველამ „საკუთარი მამიდები” მოიკითხოს.

P.S.: მესამედაც დავწერ – მე ვგმობ ძალადობას. ოღონდ ამ ძალადობის გამომწვევ პროვოკაციებთან ერთ ჯაჭვში. განცალკევებით – არა,” – წერს დავით ქართველიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ გმობს „ქართული ოცნების” მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და წერს, რომ საქართველო უკეთესს იმსახურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები