“ჰელსინკის კომისიის სხდომაზე უტიფრად გამოდის ვინმე ვართანიანი და თესავს ბოროტებას – ერთი, რომ თითქოს საქართველოს და სომხეთის დაპირისპირებას ახდენს და მეორე, სრულ სიცრუეს ავრცელებს საქართველოსთან დაკავშირებით” – ვოლსკი
“აბსოლუტურად უტიფრად, უნამუსოდ, ხეპრულად გამოდის ვინმე ოლესია ვართანიანი და აკეთებს მოხსენებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ ეხება სომხეთს და საქართველოა დამნაშავე ასეთ გადაცდომაში, რასაც ჰქვია რუსეთისთვის ხელშეწყობა სანქციების გვერდის ავლის საქმეში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ და სომხეთს შორის რაიმე ურთიერთობები ამით არის დაზიანებული. პირიქით, ჩვენი ურთიერთობები როგორც იყო მეგობრული, ასევე რჩება. მაგრამ ადამიანები არსებობენ, რომლებიც განგებ, განზრახ მრავალი მიმართულებით თესავენ ამ ბოროტებას. ერთი, რომ თითქოს საქართველოს და სომხეთის დაპირისპირებას ახდენს და მეორე, სრულ სიცრუეს ავრცელებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იქცევა საქართველო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის სხდომას სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა პროფესიით ჟურნალისტი – ოლესია ვართანიანი, რომელმაც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაზე საუბრისას ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა.