EurActiv: საქართველო მშვიდად ემიჯნება მესიანურ პოლიტიკას

EurActiv-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ანალიტიკოსი ამანდა პოლი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და წერს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მოხდა მშვიდი ტრანზიცია- ქვეყანა უახლოვდება ჩამოყალიბებული დასავლური დემოკრატიის სტანდარტებს.
ამანდა პოლი ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში, შერიგების მიდგომის დამკვიდრება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ერთ-ერთი დაპირება იყო.

„იანვრის შემდეგ, განსაკუთრებით კი ამ არჩევნებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოირჩევა კონსტრუქციულობის მაღალი ხარისხით, რასაც გამოხატავს კიდეც მისი განცხადებები და მოწოდებები მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სტატიაში.
საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური და ქვეყანამ წარმატებით გაიარა დემოკრატიის პირველი ტესტი. წინასაარჩევნო პერიოდი, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინციდენტს, რომლებიც ფართოდ გაშუქდა, მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი იყო, რაც მოულოდნელობადაც შეიძლება ჩაითვალოს. არჩევნების დღემ კი საერთოდ რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გარეშე ჩაიარა. ქვეყნისთვის, რომლის პოლიტიკურ სცენას დიდი ხანია ახასიათებს პოლარიზაცია და არაჯანსაღი დაძაბულობა, ეს არის მაღალი ხარისხის უტყუარი ნიშანი. ძლიერი პოლიტიკური ფიგურების ნაკლებობამ ძირეულად შეცვალა დებატები ამ არჩევნების ფარგლებში. უკვე დიდი ხანია, რაც წარსულის აჩრდილი დაძრწის საქართველოში: ხშირად ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს ყოფილი ლიდერები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი არ წასულან პოლიტიკური სცენიდან, რისი დასტურიცაა ოპოზიციური პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო აქცია თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე, რომლის დროსაც გადაიცა ყოფილი პრეზიდენტის პირდაპირი ჩართვა და გაჟღერდა სააკაშვილის დაპირება არჩევნების შემდეგ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მომზადდა სცენა პოტენციურად დრამატული მოვლენებისთვის. თუმცა, არჩევნები ჩატარდა და ქვეყანაში მოულოდნელად სიმშვიდემ დაისადგურა. არც სააკაშვილი დაბრუნდა. ამომრჩევლებმა მეორედ დაუჭირეს მხარი მთავრობას, რომლის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ეს არის ტექნოკრატების გუნდი. „საკითხებზე დაფუძნებული“ არჩევნები რაც შეეხება ორ მთავარ პარტიას, მათი შედეგები და წამყვანი პოზიციები ამ არჩევნებში მოულოდნელი არ იყო: “ქართულმა ოცნებამ” მოაგროვა ხმათა 48 პროცენტი, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” 27 პროცენტი. ამ პარტიების პროგრამები არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან – ორივე პროევროპულია და ემხრობა ნატოში ინტეგრაციას, ორივე ფოკუსირებულია ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდაზე. რუსეთთან მიმართებით “ქართული ოცნება” უფრო ზომიერია, თუმცა, საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირები აქაც საერთოა. ამ არჩევნების სიახლე არის პრორუსული “პატრიოტთა ალიანსი”, რომელმაც ძლივს გადალახა პარლამენტში შესასვლელად აუცილებელი 5-პროცენტიანი ბარიერი. ყოველივე ამის მიუხედავად, 8 ოქტომბრის არჩევნების მთავარი შედეგი არის ის, რომ ქართველებმა ხმა მისცეს გუნდებს და არა ლიდერებს. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად არ განხორციელებულა ცნობილი ფიგურების გარშემო აგებული წინასაარჩევნო კამპანიები. ეს არჩევნები ეხებოდა სხვადასხვა პროგრამას, პოლიტიკურ დღის წესრიგს, სოციალურ ღირებულებებს, რაც პოლიტიკისა და დემოკრატიისადმი აშკარად დასავლური დამოკიდებულებაა. ერთი სიტყვით, საქართველომ ნათლად განაცხადა, რომ მას აღარ სჭირდება მესიები. პოპულისტი ძალებიდან მშვიდობისმყოფელ ძალებამდე “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მოხდა მშვიდი ტრანზიცია – ქვეყანა უახლოვდება ჩამოყალიბებული დასავლური დემოკრატიის სტანდარტებს, რასაც ადასტურებს კიდეც ჩატარებული არჩევნები. მართალია, ამ წარმატებულ ტრანზიციაში რამდენიმე ფაქტორს მიუძღვის წვლილი (ევროკავშირისა და ნატოს მიერ უზრუნველყოფილი შესაძლებლობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტაბილური განხორციელების მიზნით, 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წასვლა), მაგრამ ასევე აღსანიშნავია მთავრობის დამსახურებაც, რომლის ტექნოკრატიულმა მიდგომამ გამოიწვია გადასვლა პოპულიზმიდან მშვიდობიან პოლიტიკაზე, რაც მისასალმებელია. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ერთ-ერთი დაპირება, რომელიც მან გააკეთა დეკემბერში, ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ: მან დადო პირობა, რომ პოლიტიკაში დამკვიდრდებოდა შერიგების მიდგომა და მისი მთავრობა სიხარულით ითანამშრომლებდა ყველა ჯგუფთან პარლამენტში. იანვრის შემდეგ, განსაკუთრებით კი ამ არჩევნებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, წინამორბედებთან და კოლეგებთან შედარებით, გამოირჩევა კონსტრუქციულობის მაღალი ხარისხით, რასაც გამოიხატავს კიდეც მისი განცხადებები და მოწოდებები მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკური სცენის პოლარიზაციის ხარისხი, რა თქმა უნდა, დღესაც მაღალია, მაგრამ ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ ტექნოკრატიისა და დემოკრატიის თანამშრომლობა შესაძლებელია. http://www.euractiv.com/section/europe-s-east/opinion/georgias-quiet-move-away-from-messiah-politics/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები