ისრაელის სამხედროები ღაზას ქალაქიდან სრულ ევაკუაციას მოითხოვენ
ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას ქალაქის მოსახლეობას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია, რადგან იწყება ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელიც ისრაელის განცხადებით, “ჰამასის” შეიარაღებული დანაყოფების წინააღმდეგ არის მიმართული.
მათ მოსახლეობას მიმართეს, გადაინაცვლონ ღაზას სამხრეთით მდებარე ალ-მავასის ზონაში, რომელსაც ჰუმანიტარული უსაფრთხოების ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული.
თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობით, ევაკუაციის პროცესი რთულია, ინფრასტრუქტურა დანგრეულია, საკვები და მედიკამენტები უკიდურესად შეზღუდული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი და ხალხს გადაადგილების უსაფრთხო გარანტიები არ გააჩნია.
ღაზას ქალაქში დარჩენილთა რაოდენობა ზუსტად უცნობია, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, ევაკუაციის ბრძანება ათობით ათას ადამიანს შეეხება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ღაზას დატოვება სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია“ და მოუწოდა მშვიდობიან მოსახლეობას, „არ აღმოჩნდნენ “ჰამასის” დამალულ სანგრებში“.
ამასთან, პალესტინური მხარის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის ავიაიერიშებს, სულ მცირე, 65 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.