გიორგი კოდუა: ჩემი ბიზნესი სააკაშვილის დროს მონოპოლიზირებული იყო და მერაბიშვილის ხელში იყო

ბიზნესმენი გიორგი კოდუა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიზნესზე ძლიერი ზეწოლა აღარ ხორციელდება, თუმცა მმართველის გუნდის დაპირება წართმეული ქონების დაბრუნების შესახებ ნაწილობრივ შეუსრულებელი დარჩა.
კოდუა განმარტავს, რომ ამის მიზეზი მისთვის გაუგებარია და აცხადებს, რომ პოლიტიკოსები ხალხს ატყუებენ და საკუთარ თამაშს თამაშობენ.
2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა, მათ შორის უსამართლოდ წართმეული ქონების ბიზნესმენებისთვის დაბრუნება იყო. დღეს საზოგადოებაში არის განწყობა, რომ აღნიშნული დაპირება სახელისუფლებო გუნდმა ვერ შეასრულა და ამას მმართველი გუნდის ბევრი წევრიც აღიარებს. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ის, რომ ასეთი სასამართლო დავები დღემდე გრძელდება და ზოგ შემთხვევაში ბიზნესმენებს საერთოდ არ დაუბრუნდათ ქონება?
ალბათ, შეიძლება, რომ ეს არაპრინციპულობას დავაბრალოთ. დღემდე გრძელდება ქონებრივი დავები. ჩვენც შეგვეხო ეს ყველაფერი. „ქართუ ბანკიდან“ ჩვენ დაახლოებით 6 მილიონი გვქონდა აღებული სესხი და 40 მილიონი დაეწერა ჩვენს ბიზნესს.
არ მიმაჩნია, რომ აქ სამართლიანობაზეა საუბარი. საუბარია უფრო იმაზე, თუ ვის აქვს ძალაუფლება, ვინ არის ხელისუფლებაში. ალბათ, აქედან გამომდინარე ხდება ინტერესთა გადანაწილება. ჩვენ რომ სამართლიანობის აღდგენაზე გვქონოდა საუბარი, უფრო სხვა შედეგი გვექნებოდა.
მიგაჩნიათ, რომ თავიდანვე ეს დაპირება არ ემსახურებოდა იმას, რომ რეალურად განეხორციელებინათ ქონებრივი სამართლიანობის აღდგენა? ეს დაპირება მხოლოდ დაპირებისთვის იყო?
„ქართული ოცნების“ მოსვლიდან მე შეიძლება შევაფასო ორი რამ: ერთი, ბიზნესი შედარებით გათავისუფლდა, ვაღიარებ. მაგალითად, ჩემი ბიზნესი – ავიაცია სააკაშვილის დროს მონოპოლიზირებული იყო, რეისები ჩამომართვეს, გამიკოტრეს კომპანია. ფული მხოლოდ ერთს უნდა გაეკეთებინა. ვანო მერაბიშვილის ხელში იყო ბიზნესი. ეს განცდა იყო.
შემდეგ ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს შეიცვლებოდა, რაც ნაწილობრივ შეიცვალა კიდეც. ბიზნესს მიეცა უფრო თავისუფალი სამუშაო გარემო, მაგრამ მაინც მოხდა ქონებრივი დავების გადახედვა. ბოლომდე არ არის მიყვანილი საქმეები.
არც წინა პერიოდში ვიყავი პოლიტიკური ფიგურა, არც ახლა ვარ და არ ვიცი, რას დავაბრალო. რატომ წაიყვანეს პროცესები ასე, მაგას ვერ შევაფასებ. ფაქტებს ვამბობ… ბიზნესი უფრო გათავისუფლდა, მაგრამ რაღაც მომენტებში პოლიტიკური მუხტი, როგორიც ადრე იყო, ახლაც არის.
თუ ხარ „ოცნებისტი“ რაღაც შეღავათები გაქვს, თუ იყავი „ნაციონალისტი“ – შეღავათი გქონდა. ეს ხომ ასე არ უნდა ხდებოდეს. ბიზნესი და ქონება მთლიანად თავისუფალი უნდა იყოს.
აი, ეს, ნაწილობრივ, შეიძლება წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სისრულეში არ არის მოყვანილი. არ ვიცი, რას დავაბრალო. ვერ განახორციელეს თუ არ განახორციელეს, ჰქონდათ თუ არა ამის სურვილი, ეს უკვე არ ვიცი. არ მაქვს წვდომა პოლიტიკურ ფიგურებთან.
მომავალი 4 წლის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობაში ისევ „ქართული ოცნება“ იქნება. გაქვთ თუ არა იმედი ან მოლოდინი, რომ შეიძლება წართმეული ქონების საკითხები გაგრძელდეს და კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეს?
იმდენად არაპროგნოზირებადია პოლიტიკური გარემო, ერთს ამბობენ, მეორე კეთდება. ვერ გავიგე, ამ კოჰაბიტაციაში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად არიან, ერთ პოლიტიკას ატარებენ?
გამიჭირდება ერთის ან მეორის მხარე დავიჭირო. შეიძლება, საერთოდ ორივე ერთადაა. ვერ გავიგე. არ ვიცი, რა მოხდება. არც ის ვიცი, რის იმედი შეიძლება მქონდეს, როდესაც პოლიტიკოსები ტყუიან. უკვე აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვენდობი, აღარც „ქართულ ოცნებას“ და არც „პატრიოტთა ალიანსს“.
რატომღაც მგონია, რომ ხალხს ატყუებენ. ხალხი ერთს ამბობს, მაგრამ პოლიტიკოსები თავიანთ თამაშს თამაშობენ.
ერთადერთი იმის იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა, ისეთი ზეწოლა აღარ იყო ბიზნესზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მაქვს იმედი, რომ ბიზნესი სრულიად გათავისუფლდება.
არ ვიცი, ერთის იმედი გვქონდა და სხვა რაღაც კეთდება.
წყარო: “ipress. ge“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები