გიორგი კვირიკაშვილი: ტურიზმის განვითარების ფონდის მასშტაბურობაზე საერთაშორისო აღიარება მეტყველებს

საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფონდის მასშტაბურობასა და უმაღლეს სტანდარტებზე მეტყველებს საერთაშორისო აღიარება, რომელიც მისმა სამმა პროექტმა უკვე მოიპოვა “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის მხრიდან.
გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსების პროექტებზეც ისაუბრა.
“თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, თბილისში უკვე შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცედენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპლექსები და მათი კავშირი ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით, ქმნიან იმ ახალ სავიზიტო ბარათს, რომელიც დედაქალაქის ტურიზმის განვითარების და ხარისხის ხვალინდელი დღე გახლავთ. თაბორის პროექტი, ეს არის 400 000 კვ.მ “ახალი ფილტვები” ქალაქისთვის (რეკრეაციული ზონა და გოლფის მოედნები). ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს. შეიქმნება ტენდენცია სხვა მსგავსი პროექტების განვითარებისთვის. ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში მთლიანობაში დასაქმდება 20 ათასზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2 500 ადამიანი”, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასტუმროების მართვის კომპანიას ასევე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება რეგიონული ტრენინგცენტრების შექმნის კუთხით. კომპანია გადაამზადებს ადგილობრივ მოსახლეობას, აამაღლებს მათი კვალიფიკაციის დონეს და განავითარებს მომსახურების ინდუსტრიას რეგიონებში. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ტურიზმის განვითარების ფონდის მიმართულებები სრულად შეესაბამება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის გეგმას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები