ელისო ჩაფიძე: ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა შემდეგ გარემოებები შეიცვალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ელისო ჩაფიძის განცხადებით, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მისი კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა პარტიამ გაერთიანებული ოლქის შესაფერის კანდიდატად ელგუჯა გოცირიძე ჩათვალა. როგორც ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერად რჩება და პოლიტიკურ აქტიურობას არ გამორიცხავს.
მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობას პირადი მიზეზების გამო ვერ ახერხებს და ლექტორობას გააგრძელებს.
”წარმატებას ვუსურვებ ელგუჯა გოცირიძეს. ვფიქრობ, ტყიბულში ”ქართულ ოცნებას” სერიოზული მხარდაჭერა აქვს. მე ელგუჯა გოცირიძის მხარდასაჭერადაც ვიყავი იქ ჩასული. ვრჩები ”ქართული ოცნების” წევრად და დამფუძნებლად, ასე რომ პოლიტიკურ აქტივობას არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ ეტაპზე ვაგრძელებ იმის კეთებას, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი – ლექციების ჩატარებას, პუბლიკაციების მომზადებას და ა.შ.
ჩემი კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა შემდეგ გარემოებები შეიცვალა და პარტიის მხრიდან ჩაითვალა, რომ გოცირიძის კანდიდატურა უფრო შესაფერისი იქნებოდა გაერთიანებული ოლქისთვის, ვინაიდან ის არის თერჯოლელი და თერჯოლა უფრო დიდი ოლქია, ვიდრე ტყიბული. ჩემთვის, ბუნებრივია, ეს არგუმენტი მისაღები იყო. გარდა ამისა, გოცირიძეს პრემიერის სერიოზული მხარდაჭერა აქვს და იმედია, ეს მომავალ არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარება”, – აღნიშნა ჩაფიძემ.
ელისო ჩაფიძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ის თერჯოლასა და ტყიბულში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით პარტიამ კანდიდატად ელგუჯა გოცირიძე დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები