პრემიერი: ბიძინა ივანიშვილის წინადადება ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯია

საქართველოს ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართვას აფხაზური მხარისადმი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაღალი კლასის სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას უკავშირდებოდა, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი განმუხურში გამოეხმაურა.
როგორც მან განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის წინადადება ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯია.
“ჩვენი სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში, დღეს ყველამ უნიკალური წინადადება მოვისმინეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. ეს წინადადება და შეთავაზება უკვე არის ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული საქმიანი და კონკრეტული ნაბიჯი. ბატონმა ბიძინამ გამოთქვა მზაობა, დააფინანსოს ანალოგიური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მისგან მიღებული მთელი მოგება მოხმარდება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის მართლაც უნიკალური წინადადება, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას. ეს ნაბიჯიც ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი წარმატება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ეს არის უკვე კონკრეტული წინადადება, რომ ჩვენი აფხაზი ძმები გავხადოთ ჩვენი განვითარების მონაწილე და თანაზიარი. აქედან, განმუხურიდან, კიდევ ერთხელ ვამბობთ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი – ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა და ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დრო და მოვახერხებთ ნდობის აღდგენას, შერიგებას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ მხარის აღორძინება არა მარტო ამ რეგიონის განვითარებას, არამედ მთელი საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები