პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განცხადებას ავრცელებს, სადაც გვარამია-ბურჭულაძის აუდიოჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ჩანაწერის გამავრცელებელ მედიასაშუალებას სთხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია ჩანაწერის მოპოვების წყაროს შესახებ კონფიდენციალურობის დაცვის სრული გარანტიით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ინტერნეტით გავრცელებულ აუდიოჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა ქმნის ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის დაცვის გარანტიებს და უფლების ხელყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო სუბიექტს და მედიასაშუალებას.
თავის მხრივ, ინსპექტორი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და ამისთვის მოუწოდებს პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას მოგვაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობისა და გამოყენებული არხების შესახებ. ასევე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვთხოვთ ჩანაწერის გამავრცელებელ მედიასაშუალებას მოგვაწოდოს ინფორმაცია ჩანაწერის მოპოვების წყაროს შესახებ კონფიდენციალურობის დაცვის სრული გარანტიით“, – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები