შს მინისტრის მოადგილე არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ახალი ბრძანების გამოცემას გეგმავს

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ პოლიცია ცდილობს, იყოს დეპოლიტიზებული, რისი ნათელი მაგალითიც ის საარჩევნო პროცესია, რაც დღეს ქვეყანაშია.
როგორც შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, პოლიცია დეპოლიტიზებულია და ეს „გარკვეულწილად დასკვნაშიც იკვეთება“.
„პოლიციის დეპოლიტიზებას რაც შეეხება, დასკვნაში ნახავთ, რომ ეს საკითხი დადებითად არის მოცემული, რადგან ამ აქტიური საარჩევნო კამპანიის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, რომელიც მიუთითებს, რომ პოლიცია დეპოლიტიზებულია ან ვინმეს ჩაგრავს. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში მოხდება მინისტრის ბრძანების გამოცემა, რომელიც მოაწესრიგებს იმ ორგანიზაციულ საკითხებს, რომელიც არჩევნების ჩატარებას უკავშირდება მშვიდობიან გარემოში. ახალი კანონიდან გამომდინარე, პოლიციამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს, მაგრამ ამავე დროს, არ უნდა იყოს ზედმეტი პოლიციის რაოდენობა საარჩევნო უბნებთან“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
რაც შეეხება აღნიშნული ორგანიზაციის შეფასებას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ხელში არის დიდი ძალაუფლება, რაც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს უქმნის საფრთხეს, შალვა ხუციშვილის თქმით, ეს ასე არ არის და ამა თუ იმ საკითხის მინისტრის ბრძანებით გადაწყვეტა გარკვეულწილად დადებითია. ხუციშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მინისტრის ამა თუ იმ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება.
„ჩვენ ვცდილობთ, ბრძანებით მოვაწესრიგოთ საკითხი იმის გამო, რომ ვინმემ ზეპირად, ადგილზე არ გადაწყვიტოს საკითხი თავისი შეხედულებით… მინისტრის ბრძანებები არის კარგი, რომ პოლიციაში ყველას ჰქონდეს ერთიანი სტანდარტი, თუმცა მინისტრის ყველა ბრძანება არის გასაჩივრებადი სასამართლოში“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილე დასკვნაში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით დაფიქსირებულ შეფასებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერს მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
„არ არსებობდა აქციის ჩატარების არანაირი ინფორმაცია, რის გამოც, არ მოხდა კორცხელის საარჩევნო უბანზე წინასწარ პოლიციის მობილიზება. თუმცა მსგავსი ფაქტი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აღარ განმეორდება. 8 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდება შესაბამისი მზადყოფნა და რეაგირება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები