უსუფაშვილი ივანიშვილის კრიტიკაზე: ეს არის ჭორების აყოლა, მე არ ვაპირებ ამაში გავყვე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ „რესპუბლიკური პარტიის“ მისამართით გამოთქმულ კრიტიკას დავით უსუფაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ჭორების ნაწილში ივანიშვილთან კამათში შეყოლას არ აპირებს.
უსუფაშვილის თქმით, ქვეყანა ვერასოდეს წავა წინ, თუ იგი არ გათავისუფლდა ჭორების გამავრცელებელი მანქანისგან.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩართულია ერთი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიაში და მე არ მიკვირს, რომ იგი აღმატებულ ხარისხში საუბრობს მხოლოდ ერთ პარტიაზე და აკრიტიკებს ყველა დანარჩენს, ვინც მისი კონკურენტია. ბიძინა ივანიშვილს ისეთივე უფლება აქვს იყოს კრიტიკული სხვა პარტიების მიმართ, როგორც მე მაქვს და ასევე, სხვა პარტიებს აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილი როგორც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი და მისი გამარჯვება-წარმატებისთვის მოღვაწე, ამ როლშია ახლა და მე არ მიკვირს, რომ ის სხვებს აკრიტიკებს.
მე მიკვირს ერთადერთი რამ ამ კომენტარებში, რომელიც დღეს მოვისმინე, როდესაც საუბარია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეიტინგზე, მხარდამჭერთა რაოდენობაზე და ა.შ. ამ თემაზეც ძალიან ბევრი გვისაუბრია მე და ბატონ ბიძინას და შევთანხმებულვართ იმაზე, რომ ქვეყანა ვერასოდეს წავა წინ, თუ იგი არ გათავისუფლდა ჭორების გამავრცელებელი მანქანისგან და რომ ეს მანქანა, სამწუხაროდ, ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს.
მე ვწუხვარ, რომ თავად ბატონი ბიძინა აღმოჩნდა ამ მანქანის მსხვერპლი და დღეს ქართულ საზოგადოებას ეუბნება იმას, რომ თურმე მე ან რომელიმე „რესპუბლიკელს“ ილია ჭავჭავაძე ცუდ კაცად მიგვაჩნია. ეს არ არის სახელმწიფოზე ლაპარაკი, ეს არის ჭორების აყოლა, მე არ ვაპირებ ამაში გავყვე. რაც შეეხება სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ამაზე წერილობით უახლოეს დღეებში მოგახსენებთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები