ნინო კობახიძე პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

პოლონეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტის ჩამოყალიბების პროცესში, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს, – ამის შესახებ პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიუს ჰალადიმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, ნინო კობახიძესთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას განხილული იყო საქართველოში წარმატებით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები. ყურადღება დაეთმო მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმას დაეთმო, რომელიც ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, მმართველობის რეფორმასა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ისახავს მიზნად.
პოლონეთი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციის სქემითაც დაინტერესდა.
„ვისაუბრეთ საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე; იმაზე, რა როლს ვთამაშობთ ამ პროცესში. ასევე მათ დეტალური კითხვები ჰქონდათ პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტზე. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახორციელებენ რეფორმებს, რომლებიც ასეთი ტიპის სტრუქტურის შექმნას ისახავს მიზნად. ჩვენ მათ გამოცდილებას გავუზიარებთ და მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც ასეთი ტიპის სტრუქტურების ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის წარმატებული თანამშრომლობა შედგება.
შეხვედრას პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკი დაესწრო.
პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, შეხვედრებს ასევე გამართავს ეკონომიკისა და მდგრდარი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში. პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ვიზიტს ორგანიზებას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები