„პოზიციას“ ორგანიზებით, შალვა ოგბაიძემ თემაზე – „საქართველოს ავტომობილიზაცია – გუშინ, დღეს, ხვალ…“ სემინარი ჩაატარა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტმა და თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ სტუდენტებისთვის სემინარი თემაზე – „საქართველოს ავტომობილიზაცია – გუშინ, დღეს, ხვალ…“ ჩაატარა.
სემინარს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ესწრებოდნენ. შალვა ოგბაიძემ სემინარის მსვლელობისას ისაუბრა:
საქართველოს ავტომობილიზაციის ისტორიაზე, ავტომობილისა და ქართველი კაცის დამოკიდებულებაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, ავტომობილების გამონაბოლქვის შედეგად ჰაერის დაბინძურებაზე და ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, ავარიების რაოდენობის ზრდაზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მაგალითზე მართვის მოწმობის გაცემის წესზე, საგზაო წესების დარღვევაზე, ურბანულ პრობლემებზე, მარჯვენასაჭიან მანქანებზე და კომპანია „სითი პარკზე“.
სემინარი ორი საათის განმავლობაში, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
როგორც სემინარის დასრულების შემდეგ შალვა ოგბაიძემ განაცხადა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მსგავსი სემინარების ჩატარება ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას წაადგება.
„ძალიან საინტერესო იყო ჩემი აქ მოსვლა. განსაკუთრებით სასიამოვნოა ავტომობილიზაციის სფეროში დაგროვილი ჩემი ცოდნის გაზიარება, რომელსაც ახალგაზრდებს გადავცემ. ახალგაზრდებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ამ სემინარის მიმართ. ძალიან საინტერესოა ასეთი კონტაქტი, ასეთი ფორმატი, როდესაც მცირეოდენ შესავალ თემას შლი და ამის შემდგომ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადადიხარ. მიმაჩნია, რომ ასეთი კონტაქტი ჩემი სფეროს კუთხით წაადგება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში, ზოგადად, ცნობიერების ამაღლებას და ისეთი უნარ-ჩვევების შეძენას და ინფორმაციის მიღებას, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება, რომ ავარიაში არ მოყვნენ, არ დასახიჩრდნენ, არ მიიღონ ტრავმა და არც სხვას შეუქმნან ხიფათი“,- განაცხადა ოგბაიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის თქმით, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სემინარები სხვადასხვა საინტერესო თემაზე მომავალშიც ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები