შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნება

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნება, რომელიც “რეგიონული უნივერსიტეტის მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრობისას, სასწავლებელთან ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
“ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებაში და რეგიონული ინტელექტუალური რესურსის სრულად გამოყენებაში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია თავმოყრილი.
ასე ცხოვრობდა ჩვენი სახელმწიფო 100 წლის წინაც, როცა ინტელექტუალური პროცესი არ იყო კონცენტრირებული მხოლოდ დედაქალაქში და ეს პროცესი მიმდინარეობდა რეგიონებში და სწორედ რეგიონი იყო ის, საიდანაც ივსებოდა ჩვენი ქვეყნის სულიერი და სამეცნიერო ცხოვრება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის შესახებ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს, რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისაკენ.
უნივერსიტეტში პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მრჩევლებს უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ უმასპინძლეს, რომლებმაც სტუმრებს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები